სირია

Amnesty International: სირიაში რუსეთი და ასადი განზრახ ბომბავენ სკოლებს და საავადმყოფოებს

Amnesty

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ Amnesty International ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სირიაში მიმდინარე საჰაერო დარტყმებზეა საუბარი. ანგარიშში აღწერილია 18 თავდასხმა, რომელიც 2020 წლის იანვარ-თებერვალში მოხდა. მაშინ რუსეთის და ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ძალებმა ალეპოსა და ჰამაში დაბომბეს სკოლები და სამედიცინო დაწესებულებები. 

ეს დაწესებულებები გაეროს სპეციალურ სიაში იყო შესული, რომელიც რუსეთსაც გადაეცა და მითითებული იყო, რომ მათზე თავდასხმა არ უნდა მომხდარიყო.

ანგარიშში გამოკითხულია 74 ადამიანი, მათ შორის მასწავლებლები, ექიმები და იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც დაბომბვების თვითმხილველები არიან. ასევე მოყვანილია ფოტო-ვიდეომასალა და რუსეთისა და სირიის ძალებს შორის კომუნიკაციის ნაწყვეტები.

ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის თებერვლამდე რუსეთის და სირიის რეჟიმის თავდასხმებმა იდლიბსა და ალეპოში გაანადგურა ან დააზიანა 10 სამედიცინო დაწესებულება. შედეგად დაიღუპა 9 ექიმი. თავდასხმების შემდეგ ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიხურა კიდევ 5 საავადმყოფო.

ექიმი, რომელიც იდლიბის პროვინციის ქალაქ არიჰაში მდებარე ალ-შამის საავადმყოფოზე რუსული საჰაერო დარტყმების მოწმეა, ყვება, რომ შედეგად საავადმყოფოს მიმდებარე სახლები განადგურდა, 11 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაიჭრა 30 ადამიანი, მათ შორის მისი კოლეგები.

2020 წლის იანვარ-თებერვალში საჰაერო თავდასხმა მოხდა 28 სკოლაზე. მხოლოდ 25 თებერვალს დაიბომბა 10 სკოლა. შედეგად დაიღუპა 9 მშვიდობიანი მოქალაქე.

ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, დაბომბვები რუსეთის მიერ სირიისათვის მიწოდებული იარაღით ხდება, რომელთა ნაწილი საერთაშორისო კანონმდებლობით იკრძალება.

კომენტარები