8 მარტის შეთანხმება

ვოლსკი რიშსა და პოლიტპატიმრებზე: ასეთ განცხადებამდე საქმე უნდა შეისწავლოს კარგად

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით სენატორ ჯეიმს რიშის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც ასეთ განცხადებას აკეთებს, ჯერ "საქმე კარგად უნდა შეისწავლოს". 

ვოლსკის თქმით, ქართული მართლმსაჯულების სისტემა "საკმაოდ პოზიტიურადაა აღიარებული საერთაშორისო დონეზე ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ"

"არსებობს კიდევ ერთი აუცილებლობა, სანამ ასეთ განცხადებას გააკეთებს ნებისმიერი ჩვენი მეგობარი, ჩვენ მიმართ ცუდად განწყობილი, ნებისმიერი ადამიანი, ჩვენი ოპონენტი, თუ ჩენი მხარდამჭერი, საქმე უნდა შეისწავლოს კარგად და შემდეგ უკვე უნდა გადაწყვიტოს, როგორი, რა შინაარსის განცხადება გააკეთოს", - ამბობს გია ვოლსკი. 

დეპუტატის თქმით, აქ გამოტანილი განაჩენით უკმაყოფილო ადამიანი მიმართავს სტრასბურგის სასამართლოს და სხვა მექანიზმი არ არსებობს. 

"იმის მოთხოვნა, რომ პარტიულმა, ან სამთავრობო ან საპარლამენტო სტრუქტურამ მიუთითოს სასამართლოს, როგორ მოიქცეს ან იუსტიციის სამინისტროს, რომ გააღოს საკნების კარი და გამოუშვას კონკრეტული პიროვნება", - თქვა ვოლსკიმ. 

იმ ფონზე, რომ ქართული ოცნების ლიდერები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ ერთი, საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს და მეორე, 8 მარტის შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ ეხებოდა, აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს რიშმა, Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა და ქართულ ოცნებას შეთანხმების ორივე ნაწილი შეახსენა. 

"საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას ველი, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და ახალი საარჩევნო სისტემისკენ წინსვლის ჩათვლით", - დაწერა რიშმა. 

პოლიტიკური პატიმრების მყისიერად გათავისუფლების აუცილებლობაზე რიში 10 მარტსაც საუბრობდა.

11 მაისს აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირმა 8 მარტის მემორანდუმის ხელმომწერებს მოუწოდეს, სრულად დაიცვან შეთანხმება და რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან. 

"ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს",- წერია განცხადებაში.

11 მაისს განცხადება გააკეთა ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმაც და დაწერა, რომ "გადამწყვეტი მნიშვნელობისაა შეთანხმების იმპლემენტაცია, რომ დასრულდეს ეს ამბავი და წინ წავიწიოთ".

აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება მას შემდეგ გაავრცელეს, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება, ვინაიდან, მისი თქმით, 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელმოწერილი შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ ითვალისწინებს, ოპოზიცია კი, სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს.

შეთანხმების გაფორმების დღიდან ოპოზიცია აცხადებს, რომ ის ორეტაპიანია და გულისხმობს როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილების უზრუნველყოფას, ასევე, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, შეთანხმება ჩაშლილად გამოცხადდება.

ის, რომ ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრაზე, კონკრეტულ პოლიტპატიმრებზე ისაუბრეს, მედიასთან დაადასტურა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმაც. მისი თქმით, შეხვედრებზე განიხილეს კონკრეტული გვარებიც და გათავისუფლების მექანიზმებიც. პოლიტპატიმრების შესახებ მემორანდუმს პატრიოტთა ალიანსმა ხელი სწორედ ამის გამო არ მოაწერა.

ამასვე ადასტურებს ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი, რომელიც შეხვედრებიც ციკლის მონაწილეც იყო. ჩუგოშვილის თქმით, ის მოწმეა, რომ შეთანხმება კონკრეტულ სისხლის სამართლებრივ საქმეებზე რეაგირებასაც მოიცავდა. 

საქართველოს პარტნიორი ქვეყნები ხელისუფლებას ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუასა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის, საქმეებზე მითითებით, შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ მოუწოდებენ. 

შეთანხმება რამდენიმეთვიანი დაძაბული პროცესის, საპროტესტო აქციების და პოლიტიკური დევნის ფონზე, პარტნიორი ქვეყნების მიერ ორგანიზებული მოლაპარაკებების შემდეგ გაფორმდა. ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2019 წლის 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო. ამით მმართველმა გუნდმა 2019 წლის 24 ივნისს ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შეასრულა, რომელიც, პარტიის თავმჯდომარემ, თავის მხრივ, 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის ძალადობრივად დაშლის და გამწვავებული პროტესტის შემდეგ გასცა.

კომენტარები