კუბილიუსის წერილი

თალაკვაძე კუბილიუსის წერილზე: რასაც ითხოვს, წინააღმდეგობაშია ევროპულ ღირებულებებთან

ტაბულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, ამბობს, რომ მოთხოვნები, რომელიც ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის წერილშია, ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. 

ევროპარლამენტარმა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, შეასრულონ 8 მარტის საარჩევნო შეთანხმება. კუბილიუსმა ხაზი გაუსვა გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეებს და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ მისაღწევი აქვს პროგრესისთვის იმ ქმედებების კუთხით, რომლებიც "შეიძლება იყოს აღქმული, როგორც საქართველოს სასამართლო და საარჩევნო პროცესის არასათანადო პოლიტიზაცია".  

არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ 8 მარტს დადებულ შეთანხმებაში კონკრეტული საქმეების შესახებ პირობა არ არის მიცემული და, მისივე თქმით, ვერ დადებდნენ იმ პირობას, "რაც წინააღმდეგობაში მოდის კანონის უზენაესობასთან." თალაკვაძის მტკიცებით, ანდრიუს კუბილიუსი ნაციონალური მოძრაობისა და "მისი მოკავშირეების" პარტნიორია.

"რა თქმა უნდა, კარგია, რომ ის აკვირდება პროცესებს. ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ კრიტიკულ თუ მხარდამჭერ ჩართულობას - ეს არის ნორმალური და ნამდვილად არ გვაღიზიანებს. უპასუხოდ, არ შეიძლებოდა იმის დატოვება, რაც ბატონი კუბილიუსის წერილში იყო მოცემული, ერთი ნაწილი იყო აღმაშფოთებელი. ის პრაქტიკულად, პირდაპირ მოგვიწოდებს, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია ჩაერიოს მართლმსაჯულების პროცესსა და დამოუკიდებელი კოსტიტუციური ინსტიტუციების კომპეტენციაში. მან, პრაქტიკულად, მოგვიწოდა იმისკენ, რაც ევროპულ ღირებულებებთან პრინციპულად შეუთავსებელია. [...] რასაც ის ითხოვს წერილში, ეს არის წინააღმდეგობაში ევროპულ ღირებულებებთან", - ამბობს თალაკვაძე იმედის ეთერში. 

ოპოზიციური პარტიების მთელმა სპექტრმა და ქართულმა ოცნებამ საარჩევნო შეთანხმებას ხელი 8 მარტს, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოაწერეს. შეთანხმება გულისხმობს როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილებას, ასევე პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების, მათ შორის, გიგი უგულავას, გიორგი რურუას, ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას. ხელისუფლება შეთანხმების ამ ნაწილს საჯაროდ არ აღიარებს, ოპოზიცია კი ამბობს, რომ თუ პოლიპატიმრები არ გათავისუფლდებიან, შეთანხმება ჩაშლილად გამოცხადდება. 

იმას, რომ 8 მარტის შეთანხმების ერთი ნაწილი სწორედ პოლიტპატიმრებს ეხებოდა, ადასტურებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაც, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის, 5-წლიანი პატიმრობის მისჯას ეხებოდა. 

"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება", - წერდა საელჩო 14 აპრილს. 

კომენტარები