კუბილიუსის წერილი

ვოლსკი კუბილიუსის წერილზე: სააკაშვილის კლასტერის პარტიების განცხადებებს ეხმიანება

ტაბულა

"კუბილიუსის განცხადება მნიშვნელოვანწილად ეხმიანება ამ სააკაშვილის კლასტერის პარტიების განცხადებას", - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის წერილს ეხმაურება. 

ვოლსკი ამბობს, რომ ხსენებული პარტიებისათვის არჩევნები არ არის მისაღები ფორმატი, ვინაიდან დესტრუქცია არის სტრატეგიული გეგმა, ამ სტრატეგიული გეგმის ერთერთი შემადგენელი ნაწილია კუბილიუსის განცხადებაც.

ვოლსკის თქმით, კუბილიუსის განცხადებები არ არის გაკეთებული ევროპარლამენტის სახელით, მაგრამ მაინც ჩრდილს აყენებს მის ავტორიტეტს, რადგან, როგორც ვოლსკი ამბობს, კუბილიუსი მოუწოდებს სახელმწიფოს, ჩაერიოს მართლმსაჯულებაში.

"არ ვიცი, ლიტვაში თუ არის ეს დასაშვები ან რომელიმე სახელმწიფო თუ იცის ასეთი, სადაც სახელმწიფო მმართველობის სტრუქტურა ერევა მართლმსაჯულებაში და გადაწყვეტილებებს იღებს, ვინ დაიჭირონ და ვინ გაათავისუფლონ. ​ეს მის მოკავშირე სააკაშვილს ჰქონდა, ნამდვილად, მაგრამ ეს პრაქტიკა აღარ არსებობს. კუბილიუსს, ეტყობა, ის პერიოდი ახსოვს და აქედან გამომდინარე აკეთებს განცხადებებს", - ამბობს ვოლსკი. 

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა 7 მაისს წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს და მოუწოდა, შეასრულონ ოპოზიციასთან 8 მარტს დადებული შეთანხმების პირობები.

კუბილიუსი ხაზს უსვამს გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეებს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ მისაღწევი აქვს პროგრესისთვის იმ ქმედებების კუთხით, რომლებიც "შეიძლება იყოს აღქმული, როგორც საქართველოს სასამართლო და საარჩევნო პროცესის არასათანადო პოლიტიზაცია".

13 აპრილს ირაკლი ოქრუაშვილისთვის ხუთწლიანი პატიმრობის შეფარდებას ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებისადმი "ნდობის მზარდ ნახვრეტად" აფასებს.

კუბილიუსის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის, გიგი უგულავასა და გიორგი რურუას საქმეებს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ არ მიხედა სათანადოდ, რაც "კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 8 მარტის შეთანხმებას".

პოლიტპატიმრების საკითხი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, დიპლომატიური კორპუსის თანხლებით, 8 მარტს მიღწეული შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია.

ოპოზიცია ამბობს, რომ მოლაპარაკებებზე კონკრეტული პირების გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ, ხელისუფლება კი საჯაროდ შეთანხმების ამ ნაწილს უარყოფს. 

იმას, რომ 8 მარტის შეთანხმების ერთი ნაწილი სწორედ პოლიტპატიმრებს ეხებოდა, ადასტურებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაც, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის, 5-წლიანი პატიმრობის მისჯას ეხებოდა. 

"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება",- წერდა საელჩო 14 აპრილს. 

კომენტარები