კორონავირუსი

დანიაში 8 ივნისიდან მუზეუმები, კინოთეატრები, გასართობი პარკები გაიხსნება

8 ივნისიდან დანიაში ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება - ქვეყანაში მუზეუმები, გასართობი პარკები და კინოთეატრები ხელახლა გაიხსნება.

11 მაისიდან დანიაში სავაჭრო ცენტრები, ხოლო 18 მაისიდან რესტორნები, კაფეები გაიხსნება და უფროსკლასელი მოსწავლეები სკოლაში დაბრუნდებიან.

"არავინ უნდა ელოდოს, რომ რესტორნები ან სკოლები ძველებურად იქნება, არც საფეხბურთო მატჩები, რადგან მაყურებელი არ იქნება," - განაცხადა პერმიერმინისტრმა ფრედერიკსენმა.

ეკონომიკის გახსნის გეგმის მესამე ეტაპზე 10-ის ნაცვლად, 30-დან 50 ადამიანამდე შეკრებას დაუშვებენ. 

პრემიერმინისტრის თქმით, ეკონომიკის გახსნის მესამე ეტაპი მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ დაინფიცირებულთა და საავადმყოფოში გადაყვანილი ადამიანების რაოდენობა "მოსალოდნელს არ გადააჭარბებს".

ღამის კლუბები, სპორტული და საკონცერტო დარბაზები ეკონომიკის გახსნის მეოთხე ეტაპამდე დახურული იქნება. ამ დაწესებულებებს, სავარაუდოდ, აგვისტოდან გახსნიან.

ამჟამად, დანია მეზობელ ქვეყნებთან ერთად მგზავრობის აკრძალვის მოხსნას და სასაზღვრო კონტროლის საკითხს განიხილავს. ქვეყანა იმედოვნებს, რომ 1 ივნისისთვის მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს.

აღსანიშნავია, რომ დანიაში ბაღები და 6-დან 12 წლამდე მოსწავლეებისთვის სკოლები 2 კვირის წინ გაიხნა. 20 აპრილიდან კი სალონების და სხვა მცირე ბიზნესების მუშაობა განახლდა.

ქვეყანაში ყოველდღიურად ახალი დაინფიცირების მაჩვენებელი შემცირებულია. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვირუსის გავრცელებას აკონტროლებენ.

დანია ერთერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საჯარო შეკრებებზე ზომები გაამკაცრა - სკოლები, რესტორნები, ბარები დახურა.

8 მაისის მონაცემებით, დანიაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 10 083 შემთხვევა გამოვლინდა, 514 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები