სამთავრობო პროპაგანდა

მდინარაძე ყანდიაშვილზე: "ოცნების" აქტიური მხარდამჭერია, ოფიციალური შეხება, დავალება არ აქვს

ტაბულა

ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ კოკა ყანდიაშვილს, რომლის მიერ შექმნილი ანგარიშებიც Facebook-მა არაავთენტური ქცევის გამო გააუქმა, პარტიასთან ოფიციალური კავშირი ან ხელშეკრულება აღრ აქვს, ან მისგან რაიმე დავალებებს არ იღებს.

"ამ ადამიანს ოფიციალურად შეხება არ აქვს 2013-14 წლიდან ქართულ ოცნებასთან აღარ აქვს. ქართული ოცნების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია, ებრძვის ნაციონალურ მოძრაობას და ძალიან დიდი ხანია ოპერირებს ქართულ მედიასივრცეში - სხვადასხვა დროს სხვადასხვა სააგენტოებსაც წარმოადგენდა. 

ვიცით, რომ აქვს და ჰქონდა ეsპერსონა, ის ოპერირებდა მედიასივრცეში, მაგრამ ქართულ ოცნებასთან ოფიციალური კავშირი, რაიმე ხელშეკრულება ან დავალება - ასეთი რამე არ ფიქსირდება და ვერც დაფიქსირდება. ასეთი მტკიცებულება ვერ იქნება ბუნებაში და ბუნებრივია ეს ვერც ფეისბუქმა მიუთითა, რადგან ასეთი კავშირი არ არსებობს", - ამბობს მდინარაძე.

5 მაისს ცნობილი გახდა, რომ Facebook-მა კოკა ყანდიაშვილის, მიერ შექმნილი ეSპერსონა და მასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში არაავთენტური ქცევის გამო გააუქმა.

როგორც განცხადებაში წერია, ეს ქსელი დაკავშირებული იყო 2019 წლის 20 დეკემბერს წაშლილ ქსელთან, როდესაც Facebook-მა ქართული ოცნების ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში გააუქმა. Facebook მაშინ წერდა, რომ მათ მიერ ჩატარებული გამოძიებით, ეს გვერდები სწორედ საქართველოს ხელისუფლებასთან იყვნენ დაკავშირებულნი.

სოციალური ქსელის გიგანტმა ამჯერად პლატფორმიდან ეSპერსონასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში წაშალა. ამასთან, Facebook-მა გააუქმა ქართული ანგარიშების კიდევ ერთი ქსელი, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული.

------

ეSპერსონა ახალი ამბების სააგენტოა, რომლის ხელმძღვანელი კოკა ყანდიაშვილია. Facebook-ზე ამ დროისთვის აღარ იძებნება მისი პირადი პროფილი, მისი სახელითა და გვარით არსებული Like-გვერდი, რომელსაც თავად მართავდა და ჯგუფები, რომლებსაც ასევე თვითონ მართავდა. 

2012 წლიდან 2013 წლამდე, თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილის ყოფნის დროს, კოკა ყანდიაშვილი პრემიერმინისტრის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 2013 წლის 29 დეკემბერს მან საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მთავრობის კონსულტანტის პოსტი დაიკავა. ამ დრომდე არცერთხელ გავრცელებულა ოფიციალური ცნობა იმის შესახებ, რომ კოკა ყანდიაშვილი ამ თანამდებობას აღარ იკავებს.

ოპოზიციურ პარტიებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს არაერთხელ გაუცხადებიათ, რომ ყანდიაშვილი ე.წ ტროლების ქარხანას მართავდა, რომლის სავარაუდო მისამართი - რუსთაველის 12 - ასევე ცნობილია. 2019 წლის 25 დეკემბერს მითების დეტექტორმა გამოავლინა სქემა, თუ როგორ მართავს ეSპერსონა Facebook-ჯგუფებსა და გვერდებს. 

2019 წლის მარტში პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს მაშინ TBC ბანკის ხელმძღვანელმა და ახლა უკვე ოპოზიციური პარტიის ლელო დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, თქვა, რომ 2018 წლის ივნისში ბანკში ერთდროულად 4 უწყების შესვლას TBC-ზე კიბერთავდასხმა დაემთხვა. TBC ბანკის IT სპეციალისტებმა შეისწავლეს თავდასხმა და დაასკვნეს, რომ ეს რუსთაველის 12 ნომრიდან მოდიოდა. ხაზარაძე ამბობდა, რომ რუსთაველის 12-ში ზის ის ხალხი, ვინც Facebook-ზე ოპოზიციის შესახებ დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს.

მოგვიანებით, რუსთაველის 12-ში მდებარე ოფისზე ვრცელი სიუჟეტი მოამზადა ტელეკომპანია რუსთავი 2-მა, რომლის მიხედვითაც, ეს ოფისი კოკა ყანდიაშვილს და მის ტროლების ქარხანას ეკუთვნოდა. მაშინ ყანდიაშვილმა თქვა, რომ ცხოვრებაში პირველად გაიგო, რას ნიშნავდა "ტროლი" და "ბოტი" და დაგუგლვა დასჭირდა, რათა მათ მნიშვნელობაში გარკვეულიყო.

ყანდიაშვილი ქართული ოცნების აქტიური და საჯარო მხარდამჭერია. ის ასევე აქტიურად აკრიტიკებს ოპოზიციურ პარტიებსა და ოპოზიციურ ლიდერებს ან ნებისმიერ ადამიანს, ვინც ქართული ოცნებისთვის პოლიტიკურ საფრთხეს წარმოადგენს - ყოველ შემთხვევაში ასე იქცეოდა ის მანამ, სანამ პროფილს გაუუქმებდნენ.

ამასთან, ეSპერსონას ყოფილი ჟურნალისტი ნათია ბერიძე 20 ივნისის საქმეზე პროკურატურის ოქროს მოწმეა. მან ახალი ამბების სააგენტო 2019 წლის 20 დეკემბერს, Facebook-ის მიერ ასობით გვერდის გაუქმების შემდეგ დატოვა. Facebook-ის პლატფორმაზე აღარც მისი ანგარიში იძებნება.

კომენტარები