სამთავრობო პროპაგანდა

ბენიძე: FACEBOOK-მა საქართველოში "სპუტნიკის" ქსელიც გააუქმა

"სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორის მიხეილ ბენიძის თქმით, Facebook-მა მის ორგანიზაციას დაუდასტურა, რომ ნიუს ფრონტის ქართულ ანგარიშებთან ერთად გაუქმებულია სპუტნიკის ქსელიც.

"როგორც ჩანს, ეს ქსელი უკავშირდებოდა მათ მიერ ადრე აღმოჩენილ 'სპუტნიკის' მსგავს ქსელებს სხვა ქვეყნებში (უკრაინა, ბალტიის ქვეყნები..), მაგრამ ერთი თვის წინ წაშლას გადაურჩა", - წერს ბენიძე Facebook-ზე.

მისივე თქმით, ნელ-ნელა უმჯობესდება ფეისბუქის შესაძლებლობა, ოპერატიულად გააუქმოს მსგავსი ქსელები, რადგან, რაც მეტ ქართულ ქსელს გამოავლენენ, ალგორითმი და ავტომატიზებული მექანიზმები ამ გამოცდილებაზე "სწავლას" მით მეტად შეძლებენ და დროულად"დაიჭერენ" ახალ არაავთენტურ ოპერაციებს.

"ჩვენ, ცხადია, კიდევ ერთხელ მოვითხოვეთ პოლიტიკური რეკლამის ბიბლიოთეკის ჩართვა საქართველოში პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობისთვის და ისინიც კიდევ ერთხელ დაგვპირდნენ, რომ აუცილებლად ჩაირთვება, მაგრამ ჯერ არ ვიცით ზუსტი დრო, თუ როდის.

იმედია ყველა ერთად შევძლებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სოციალურ მედიაში შეძლებისდაგვარად თავისუფალი საინფორმაციო გარემო იყოს", - წერს მიხეილ ბენიძე ფეისბუქზე.

პირველ მაისს ფეისბუქმა საკუთარი პლატფორმიდან წაშალა რუსული სააგენტო News-Front-ის ქსელი, როგორც სხვა ქვეყნებში, ასევე საქართველოშიც. 

5 მაისს კი Facebook-მა ქართული ოცნების PR კონსულტანტის, კოკა ყანდიაშვილის, მიერ შექმნილი ეSპერსონა და მასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში არაავთენტური ქცევის გამო გააუქმა. სოციალური ქსელის გიგანტმა პლატფორმიდან ეSპერსონასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში წაშალა. როგორც განცხადებაში წერია, ეს ქსელი დაკავშირებული იყო 2019 წლის 20 დეკემბერს წაშლილ ქსელთან, როდესაც Facebook-მა ქართული ოცნების ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში გააუქმა. 

ამასთან, Facebook-მა გააუქმა ქართული ანგარიშების კიდევ ერთი ქსელი, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული.

2019 წლის 20 დეკემბერს Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა.

გავრცელებულ განცხადებაში Facebook წერდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდები საკუთარ თავს სხვადასხვა გზით ნიღბავდნენ, სოციალური ქსელის მიერ ჩატარებულმა გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებულები.

კომენტარები