ევროპული საქართველო

კაპანაძე: თანხვედრაა იმათ შორის, ვინც "აშავებს" ლუგარის ცენტრს და "აშავებს" ოპოზიციას

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის, განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ შეშფოთებულია რუსეთისა, თუ უპასუხისმგებლო პირების მიერ ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაციით. 

კაპანაძე ამბობს, რომ ნამდვილად სამწუხაროა, რომ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა შეტევა ლუგარის ლაბორატორიაზე. მისი შეფასებით, ამ შეტევის უკან, როგორც წესი, ის ძალები დგანან ხოლმე, რომლებიც საქართველოში პრორუსულ დღის წესრიგს ატარებენ და დასავლური ორიენტაციისა და ოპაოზიციური პარტიების დისკრედიტაციას ატარებდნენ. 

"[ეს ძალები] მხარს უჭერდნენ ხოლმე ხელისუფლებას. პირდაპირი თანხვედრა იყო იმ ძალებს შორის, რომლებიც ლუგარის ლაბორატორიას "აშავებდნენ" და ასევე "აშავებდნენ" ხელისუფლების ოპონენტებს", - ამბობს სერგი კაპანაძე. 

დეპუტატის თქმით, ამ ძალებს შორის სრული თანხვედრაა და ეს ძალიან კარგად აჩვენებს იმასაც, რომ ხელისუფლება პირდაპირ იყენებს იმ რესურსს, რასაც პრორუსული დეზინფორმაცია ჰქვია. 

"ის, რომ Facebook-მა ორჯერ გააუქმა მთელი წყება გვერდების, რომლებიც პირდაპირ იყვნენ დაკავშირებულები ხელისუფლებასთან და ამავდროულად ახდენდნენ რუსული პროპაგანდის გავრცელებას, ამის ძალიან კარგი დამადასტურებელი და მაჩვენებელია", - თქვა კაპანაძემ.

1 მაისს საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. სხვა საკითხებთან ერთად, ელჩმა დეგნანმა ლუგარის კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ძალიან წუხს, როდესაც ასეთ განცხადებებს ხედავს. 

ახალი კორონავირუსის გავრცელების პირობებში ლუგარის კვლევითი ცენტრი საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის მთავარ საყრდენს წარმოადგენს. ამ ფონზე რუსეთის მხრიდან ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების ახალი ტალღა დაიწყო.

მაგალითად, 17 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში მდებარე ლუგარის ლაბორატორიაზე დეზინფორმაცია გაავრცელა და თქვა, რომ მოსკოვმა იცის ვაშინგტონის მიერ საქართველოსათვის ლუგარის ლაბორატორიაში სამხედრო კვლევების გაფართოების შეთავაზების შესახებ.

კახეთის გზატკეცილზე მდებარე ბიოუსაფრთხოების მე-2 და მე-3 დონის ლაბორატორიებით აღჭურვილი კვლევითი ცენტრი რუსულმა პროპაგანდამ მთავარ სამიზნედ ჯერ კიდევ იმ დროიდან ამოიღო, სანამ ქართულ-ამერიკული პროექტი სრულყოფილ სახეს მიიღებდა.

როგორ შეიქმნა ლუგარის ლაბორატორია, რა მისია აქვს მას და რატომ ებრძვის რუსეთი, ვრცლად წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები