თუფაქ შაკური

კენტუკის გუბერნატორმა თუფაქ შაკურის სეხნიას ბოდიში მოუხადა

New York Post

კენტუკის შტატის გუბერნატორმა ენდი ბეშერმა ლეგენდარული რეპერის თუფაქ შაკურის სეხნიას ბოდიში მოუხადა.

ბეშერმა რამდენიმე დღის წინ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობისთვის განკუთვნილ კომპენსაციებზე ისაუბრა. იმავე შეხვედრაზე მან არაკეთილსინდისიერ განმცხადებლებზეც გაამახვილა ყურადღება.

"ბევრი განცხადება შემოდის, სამწუხაროდ ზოგიერთი ადამიანი ამ რთულ ვითარებაშიც ხუმრობის ხასიათზეა. მაგალითად ერთ-ერთ აპლიკაციაში სახელის ველში თუფაქ შაკურია მითითებული. შეიძლება ეს ხუმრობა ვინმესთვის სასაცილოა, მაგრამ მსგავსი შემთხვევების გამო გასაჭირში მყოფ ადამიანებს დახმარება უგვიანდებათ. ეს არ არის კარგი, ნუ იქცევით ასე."- აღნიშნა გუბერნატორმა.

როგორც აღმოჩნდა, თუფაქ შაკური კენტუკის მაცხოვრებელი 46 წლის კაცია, რომელიც ეპიდემიის გამო უმუშევარი დარჩა და ადგილობრივი ხელისუფლებისგან კომპენსაცია მოითხოვა. გარდაცვლილ რეპერთან მას სახელისა და გვარის გარდა არაფერი აქვს საერთო.

სოციალურ ქსელებში ბეშერის შეცდომას ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. გუბერნატორი მალევე დაუკავშირდა შაკურს და ბოდიში მოუხადა. 

"ჩემი სახელის ამბავია, ბეშერის შეცდომა არ გამკვირვებია, შეცდომები ხდება,"-განაცხადა მოგვიანებით თუფაქ შაკურმა.

 

 

კომენტარები