კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: დღეს ვართ ყველაზე მსუბუქ და საუკეთესო სცენართან, რომელიც რეალურად იყო მიზანი

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით წინასწარ განხილული სცენარებიდან საქართველო დღესდღეობით "საუკეთესო სცენართანაა". 

მინისტრის თქმით, როდესაც პირველად გავრცელდა ინფორმაცია მსოფლიოში ახალი კორონავირუსის შესახებ, საქართველოს ჯანდაცვის სექტორის მიზანი იყო, ჰქონოდა საშუალება, ემართა ვირუსი ან გავრცელების ისეთი დინამიკა, რომელიც დღესდღეობით არის. 

"ეს იყო მიზანი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გამოვიყენეთ ყველა ინსტრუმენტი და ჩავატარეთ ყველა ღონისძიება. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ნამდვილად უმაღლესი ხარისხის ღონისძიებები ჩატარდა, ჩვენი მოსახლეობის ძალიან მაღალი ჩართულობით, რამაც მოგვცა საშუალება, რომ განხილული სამი სცენარიდან ჩვენ ვართ დღესდღეობით ყველაზე მსუბუქ და საუკეთესო სცენართან, რომელიც რეალურად იყო მიზანი", - თქვა ტიკარაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 511 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 168 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 კი - გარდაიცვალა. 

ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რომლის ფარგლებშიც აკრძალულია სამ პირზე მეტი ადამიანის შეკრება, დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე შესვლა. მოქმედებს ე.წ კომენტანტის საათი, რომლის დროსაც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე აკრძალულია ქუჩაში გასვლა. 

22 აპრილს პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას დაუჭირა მხარი, 24 აპრილს კი ანტიკრიზისულ გეგმასთან ერთად მთავრობამ შეზღუდვების მოხსნის 6 ეტაპიც წარადგინა. პირველი ეტაპი 27 აპრილს დაიწყო, როდესაც დაიშვა მანქანებით გადაადგილება, ტაქსები, აღდგა ონლაინვაჭრობა და ღია ტიპის აგრარული ბაზრები. 

დღეს, 28 აპრილს მინისტრმა ტიკარაძემ თქვა, რომ საქართველოში პიკი არ გვქონია და "გვაქვს პლატო". დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კი პიკს კვლავ აპრილის დასასრულს და მაისის პირველ ორ კვირაში ელოდება. 

კომენტარები