დაპირისპირება ყინწვისის მონასტერში

კობახიძე ყინწვისზე: მიტროპოლიტი იობი დანაშაულის დაფარვაზე პასუხისგებაში არ უნდა მიეცეს?

თეოლოგ ბასილ კობახიძის ინფორმაციით, ყინწვისის მონასტერში სასულიერო პირებს შორის მომხდარ დაპირისპირებს მიტროპოლიტი იობიც ესწრებოდა და შემდეგ მედიასთან ეს ინფორმაცია დამალა. 

კობახიძე წერს, რომ მედიამ უნდა მოსთხოვოს პასუხები მიტროპოლიტ იობს, თუ რატომ ცრუობდნენ ის და მისი მღვდლები პირდაპირ ეთერში და მალავდნენ ამ ფაქტს?

"დანაშაულის დაფარვაზე არ უნდა მიეცეს პასუხისგებაში? რატომ არ დაადო საეკლესიო სასჯელი თავის შვილობილ მამა დავით აქიაშვილს? მთავრობა მალე გამოუშვებს ბანდიტ მამა დავითს, რადგან თვლის რომ მრევლი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობაა. მრევლის ნებისმიერ წევრს რომ დავუსვათ კითხვა, არის სასჯელის ღირსი მამა დავითი? პასუხად მივიღებთ, რომ არა, რადგან მამაოს განკითხვა ცოდვაა, ჩვენ საკუთარ ცოდვებს უნდა მივხედოთ, უფალი მეფობს, ჩემი მამაო ასეთი არაა, ეკლესიას ებრძვით, ან უბრალოდ ხმამაღლა შემოსძახებს მამაო ჩვენოს", - წერს კობახიძე.

კობახიძე დაპირისპირების შესახებ სხვა დეტალებსაც ჰყვება და ამბობს, რომ მღვდლებმა ჯერ მონასტერში იჩხუბეს, შემდეგ კი წინამძღვარმა მეორე მღვდლის მანქანა დაცხრილა.

"შვიდი ტყვია დაახალა მამა დავით აქიაშვილმა მამა საბა ჟღენტის მანქანას, სადაც სხვა მღვდლებიც ისხდნენ, ისინიც გაწირა. აღდგომაზე ღორებივით დათვრნენ ეს მღვდლები და ჯერ მონასტერში იჩხუბეს, რასაც მიტროპოლიტი იობ აქიაშვილიც ესწრებოდა, მერე კომენდანტის საათის დარღვევით, მანქანებით გაეკიდნენ ერთმანეთს და ერთმა მღვდელმა მეორეს მანქანა ავტომატიდან ჩაცხრილა", - წერს კობახიძე.

ყინწვისი მონასტრის წინამძღვარი განძრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის, დღეს, 28 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან მამა საბას მანქანას რამდენიმე ტყვია ესროლა და ადგილიდან მიიმალა. გავრცელებული ინფორმაციით, მღვდელი დაიჭრა. 

აღსანიშნავია, რომ მედიასთან საუბრისას სასულიერო პირები ყინწვისში მომხდარ დაპირისპირებას უარყოფდნენ, მათ შორის მიტროპოლიტი იობიც და დაზარალებული არქიმანდრიტი საბა ჟღენტიც. ის ამბობდა, რომ მის დაჭრასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, რითაც ის "გულნატკენი და ნაწყენია".

კომენტარები