ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით ჩინეთს რუსეთმაც გაუსწრო

27 აპრილის მონაცემებით რუსეთში კორონავირუსის 87,147 შემთხვევაა დადასტურებული. ამ მონაცემით ქვეყანამ ჩინეთს გადაუსწრო, რომელსაც ოფიციალურად ინფიცირების 82,830 შემთხვევა აქვს აღრიცხული. 

რუსეთში ბოლო 24 საათში 6,198 შემთხვევა გამოვლინდა და 47 პაციენტი დაიღუპა. სულ, ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობა 794-ია, გამოჯანმრთელებულთა - 7,346.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა 3 მილიონს გადააჭარბა. 3,003,392 ადამიანიდან 882,668 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 207,096 - გარდაიცვალა. მსოფლიოში კორონავირუსზე ტესტი 30 მილიონამდე ადამიანს ჩაუტარდა.

ყველაზე მეტი ინფიცირებული (987,322) და გარდაცვლილი (55,415) აშშ-ს ჰყავს. სწორედ აშშ-მა ჩაატარა ყველაზე მეტი ტესტი (5,470,555) მსოფლიოში. 

ინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა ესპანეთი (226,629 ინფიცირებული და გარდაცვლილი). მას მოსდევს იტალია (197,675 ინფიცირებული და 26,644 გარდაცვლილი), საფრანგეთი (162,100 ინფიცირებული და 22,856 გარდაცვლილი), გერმანია (157,770 ინფიცირებული და 5,976 გარდაცვლილი), დიდი ბრიტანეთი (152,840 ინფიცირებული და 20,732 გარდაცვლილი), თურქეთი (110,130 ინფიცირებული და 2,805 გარდაცვლილი), ირანი (90,481 ინფიცირებული და 5,710 გარდაცვლილი) და რუსეთი (87,147 ინფიცირებული და 794 გარდაცვლილი). სწორედ მათ შემდეგ, მსოფლიოში მეათე ადგილს იკავებს ჩინეთი (82,830 ინფიცირებული და 4,633 გარდაცვლილი), საიდანაც დაიწყო ახალი კორონავირუსის პანდემია. 

თავდაპირველად, ჩინეთის ხელისუფლებაში აცხადებდნენ, რომ ახალი კორონავირუსით ქალაქში 2579 პაციენტი გარდაიცვალა, თუმცა აპრილში მონაცემებში ცვლილება შევიდა და ქალაქში გარდაცვლილთა რაოდენობა ერთდროულად 1290-ით გაიზარდა. 

წინა პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთის ხელისუფლების მიერ გასაჯაროებული მონაცემები სანდო არ არის და რეალური მაჩვენებლები გამოქვეყნებულს ბევრად აღემატება. 

ახალი კორონავირუსი, იგივე ვუხანის ვირუსი ცენტრალური ჩინეთის ხუპეის პროვინციის ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში უკვე გავრცელებული იყო. ჩინეთი ახალ ვირუსზე ინფორმაციას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა და ახშობდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ SARS-CoV-2, ვირუსი, რომელიც Covid-19-ით დაავადებას იწვევს, ღამურებიდან წარმოიშვა და სავარაუდოდ ღამურისგან დაავადებული სხვა ცხოველით ადამიანს გადაედო, თუმცა, ახალი ვირუსის ზუსტი წარმომავლობა ჯერჯერობით კვლავ უცნობია.

ქალაქის პირველ ინფიცირებულებს აკავშირებდათ ზღვის პროდუქტების ბაზარი, სადაც არალეგალურ სექციაში ველური ცხოველები იყიდებოდა - ვირუსით დაავადებულთა პირველი კლასტერი ამ ბაზრობას უკავშირდება. ასევე, არსებობს მოსაზრებები ვირუსის სავარაუდოდ ვუხანის ლაბორატორიიდან გაჟონვაზე. ჩინეთის ახალი რეგულაციით, ვირუსზე ჩატარებული ნებისმიერი კვლევა, გამოქვეყნებამდე მთავრობის მკაცრ კონტროლს გაივლის.

აღსანიშნავია, რომ სხვა ტიპის მწვავე კორონავირუსი, მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS) 2002 წელს სწორედ ჩინეთიდან გავრცელდა. ეს კორონავირუსი ადამიანებს, სავარაუდოდ, ციბეტინისგან გადაედო, რომელიც ვირუსით ღამურისგან დაავადდა. SARS-ით 2002-2003 წლებში 8000-ზე მეტი ადამიანი დაავადდა, აქედან 800-მდე პაციენტი გარდაიცვალა. კიდევ ერთი მწვავე კორონავირუსი, შუა აზიის რესპირატორული სინდრომი (MERS), რომელიც პირველად საუდის არაბეთში დამტკიცდა, ადამიანს, სავარაუდოდ, აქლემისგან გადაედო, რომელიც ასევე სავარაუდოდ ღამურისგან იყო დაავადებული. ამ კორონავირუსით დაავადებულთა 35% - 866 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები