ბიძინა ივანიშვილი

ოცნება ივანიშვილის ტიკ-ტოკზე გამოჩენაზე: ახლა გაცილებით მეტი მუშაობა უწევს

ქართული ოცნება აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლის დღიდან დატვირთული გრაფიკით მუშაობდა, ახლა კი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაცილებით მეტი მუშაობა უწევს.

პარტიის პრესსამსახური ივანიშვილის ტიკ-ტოკზე გამოჩენას და ამაზე რეაქციებს გამოეხმაურა - მოქალაქეები და ოპოზიცია კრიტიკით შეხვდა იმ ფაქტს, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე საზოგადოების წინაშე ბოლო რამდენიმე თვეა, ერთხელაც არ გამოჩენილა და არც კორონავირუსის კრიზისთან დაკავშირებით გაუკეთებია რამე განცხადება. ქართული ოცნების შეფასებით, ივანიშვილის "პოლიტიკისგან დაცლილი ვიდეოს კრიტიკა ღვარძლიანია, ოპონენტები კი, უკადრებელს კადრულობენ".

"გუშინ, ამ ვიდეოს განთავსებამდე, ბიძინა ივანიშვილმა ჩაატარა რამდენიმე თათბირი. პირველ თათბირს, რომელიც დილის ათ საათზე დაიწყო, პარტიაში ფუნქციონირებადი ანტიკრიზისული საბჭოს ფორმატში და რომელმაც სამ სააათზე მეტ ხანს გასტანა, ესწრებოდნენ პრემიერმინისტრი, ვიცეპრემიერები, ჯანდაცვის, ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი და ანტიკრიზისული საბჭოს მუშაობაში ჩართული სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები {.....].

ამის შემდეგ, პარტიის თავმჯდომარემ, გუშინ კიდევ ორი თათბირი გამართა პარტიაში მოქმედ პროფილურ საბჭოებთან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნების შემდეგ დაფუძნდა მისივე ინიციატივით და რომლებიც კი არ დუბლირებენ ან ენაცვლებიან შესაბამის ინსტიტუტებს და სახელისუფლებო შტოებს, არამედ ეხმარებიან მათ კოორდინაციის და ეფექტურობის გაზრდის თვალსაზრისით.

ამ რეჟიმში მუშაობს ბიძინა ივანიშვილი და ასე მუშაობდა ყოველთვის, რაც პოლიტიკაში დაბრუნდა. უბრალოდ ახლა, შექმნილ ვითარებაში, გაცილებით მეტი მუშაობა უწევს და კიდევ უფრო ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება გუნდთან; ამ ტიპის თათბირები და შეხვედრები პარტიაში ყოველდღიურად იმართება და ბიძინა ივანიშვილი მუდმივ კონტაქტშია ანტიკრიზისულ საბჭოსთან და პოლიტიკური გუნდის ლიდერებთან.

თუმცა, როგორც მანამდე, დღესაც ბიძინა ივანიშვილი, ოპონენტებისგან და მათი ლიდერებისგან განსხვავებით, არა საკუთარი თავის წარმოჩენაზე, პიარზე და პოლიტიკური დივიდენდების მიღებაზე, არამედ საქმის კეთებაზე და მოსახლეობისთვის ხელშესახები შედეგის მიღებაზეა ორიენტირებული", - წერია განცხადებაში.

კომენტარები