პანდემიის ფონზე Netflix-ის გამომწერთა რაოდენობა 15 მილიონით გაიზარდა

Justin Sullivan | Getty Images

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული საკარანტინო რეჟიმისა და საყოველთაო თვითიზოლაციის ფონზე, მიმდინარე წელს Netflix-ის გამომწერთა რაოდენობა 15 მილიონით გაიზარდა. 

ამ დროისთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით სერვისით 182 მილიონი ადამიანი სარგებლობს. პირველი კვარტლის მონაცემებით, კომპანიის მოგებამ 5,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც პროგნოზებს უმნიშვნელოდ აღემატება. 

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ კონკრეტდება 15 მილიონი ახალი გამომწერიდან იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ერთთვიანი უფასო სატესტო გამოწერა გააფორმა. ამასთანავე, აქციონერებისადმი გაგზავნილ წერილში კომპანიის ხელმძღვანელობა მოსალოდნელ სირთულეებზე საუბრობს. 

კომპანიაში შიშობენ, რომ შემზღუდავი ნორმების გაუქმების შემდეგ გამომწერთა რაოდენობა კლებას დაიწყებს. ვითარებას ამძიმებს ეკონომიკური კრიზისიც, მიმდინარე არასტაბილურობის ფონზე კომპანიამ დროებით გადადო სერვისის მოდერნიზაციის გეგმები. 

საქმე ისაა, რომ პირველ კვარტალში კომპანიამ ის კონტენტი წარმოადგინა, რომელიც პანდემიის დაწყებამდე გადაიღეს. ამკრძალავი ნორმების გამო, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაღებები შეჩერებულია, ეს კი პრობლემას უქმნის Netflix-საც. 

შემოსავლების კლების ფონზე სხვადასხვა სტრიმინგ სერვისმა საკუთარ კონტენტზე წვდომა უფასო გახადა. მათ შორის, Disney-მ ყველა მომხმარებელს ერთკვირიანი უფასო გამოწერა შესთავაზა, ხოლო Netflix-მა - საკუთარი დოკუმენტური ფილმებისა და შოუების ნაწილი Youtube-ზე განათავსა.

კომენტარები