საგანგებო მდგომარეობა

კახიძე: პრემიერმა პარლამენტში უნდა ახსნას, რისთვის არის აუცილებელი კონკრეტული შეზღუდვები

პარლამენტი

"მიუღებელია, როდესაც უმნიშვნელოვანეს საკითხზე მომხსენებლად არ გვყავს პრემიერმინისტრი", - ევროპული საქართველოს დეპუტატი ოთო კახიძე ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხი პარლამენტში პრემიერმა უნდა წარადგინოს და არგუმენტირებულად ახსნას, თუ რისთვის არის აუცილებელი კონკრეტული შეზღუდვები.

პრემიერის პარლამენტში მისვლას ითხოვენ სხვა ოპოზიციონერი დეპუტატებიც.

"ჩვენ საუკეთესო გამოსავალზე უნდა ვიმსჯელოთ. არ შეიძლება გამოგზავნო თანამშრომლები, პარლამენტის უპატივცემულობაა ეს, გეგმის წარმოუდგენლობასთან ერთად", - ამბობს კახიძე.

კახიძისვე თქმით, სამედიცინო მიზნებისა და სოციალური დისტანცირებისთვის აუცილებელი შეზღუდვები  ლეგიტიმურია, თუმცა საგანგებო მდგომარეობას ბევრი გაუმართლებელი აკრძალვა ახლავს თან. 

"მაგალითად, მანქანებით მოძრაობის აკრძალვა, სრულიად გაუგებარი და აუხსნელი მიზეზებით, არავინ განმარტა თუ რა იყო ამის მიზეზი. ერთი საკითხი, რომელიც ეხებოდა რელიგიურ დღესასწაულებს, ეს თემაც და ეს არგუმენტიც ამოწურულია და მიუხედავად ამისა, კიდევ გრძელდება და არათუ გრძელდება, უფრო მძიმდება. მაგალითად, იზღუდება საკურიერო მომსახურებაც და ახლა მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ გაკოტრდნენ ის მცირე მეწარმეები, რომლებმაც მოახერხეს და თავი გადაირჩინეს ამ ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ათი ათასობით უმუშევართა არმიას კიდევ შეემატოს ხალხი", - ამბობს კახიძე.

ევროპულმა საქართველომ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ კონკრეტული ეკონომიკური გეგმის გარეშე საგანგებო მდგომარეობას მხარს არ დაუჭერდა. პარტიამ ანტიკრიზისული გეგმა ხელისუფლებას ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ შესთავაზა.

"საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ერთი თვის თავზე კვლავ არ არის წარმოდგენილი აღნიშნული გეგმა, ანუ, ჩვენი მოქალაქეები არიან კვლავ სრულ გაურკვევლობაში, თუ რას აპირებს მთავრობა. ჩვენ წარმოვადგინეთ ანტიკრიზისული გეგმის ჩვენი ვერსია, რამდენიმეპუნქტიანი, მათ შორის მნიშვნელოვანია, ხელფასის დანაკლისის 50 პროცენტით ანაზღაურება, 200 ლარიანი ვაუჩერი ნაკლებად შეძლებული ოჯახებისთვის, 150 ლარიანი ვაუჩერი ენერგო საკითხებისთვის და გადასახადების შემცირება, ვინაიდან ბიზნესიც მძიმე მდგომარეობაშია", - ამბობს ოთო კახიძე.

მთავრობა გეგმა არ წარმოუდგენია, თუმცა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მოთხოვნით მაინც მიმართა პრეზიდენტს. გახანგრძლივებას პარლამენტში კენჭი დღეს უნდა უყარონ. საგანგებოს 22 მაისამდე გადავადებას მხარს არც ენმ დაუჭერს. 27 აპრილამდე კვლავ ძალაში რჩება მანქანით გადაადგილების შეზღუდვა. მოქმედებს კომენდანტის საათიც. 

კომენტარები