ახალი კორონავირუსი, შესაძლოა, ფილტვების გარდა, თირკმელს, გულს და სხვა ორგანოებს აზიანებდეს

The Washington Post წერს, რომ მედიკოსების დაკვირვების მიხედვით, ახალი კორონავირუსი არამხოლოდ ფილტვებს აზიანებს, არამედ იწვევს გულის უკმარისობას, აზიანებს თირკმელებს და იწვევს ღვიძლის პრობლემებს, თრომბის გაჩენას, ნერვული სისტემის და ნაწლავების დაზიანებას, რაც ვირუსის მძიმე შემთხვევების მქონე პაციენტების მკურნალობას ართულებს. ექიმების თქმით, ეს სიმპტომები ზედმეტად ფართოა იმისათვის, რომ მხოლოდ იმუნური სისტემის მიერ გამოწვეულ "ციტოკინურ შტორმს" მიაწერონ.

გამოცემა იელის სამედიცინო სკოლის ნეფროლოგზე, ალან კლინგერზე დაყრდნობით, რომელიც covid-19-ის პაციენტების დიალიზის დანაყოფს ხელმძღვანელობს, წერს, რომ პაციენტების შარდში აღმოჩენილი სისხლი ან პროტეინები იმაზე მიუთითებს, რომ მათი თირკმელები დაზიანებულია.

მისივე თქმით, შემაშფოთებელია სტატისტიკა, რომელიც მიხედვითაც ნიუ იორკსა და ვუჰანში 30-დან 14 პაციენტს, რომლებიც ინტენსიურ თერაპიას საჭიროებენ, თირკმლის ფუნქციონირება უქვეითდებათ და დიალიზი სჭირდებათ. მისივე თქმით ნიუ-იორკში ეს ისეთი ხშირია, რომ საავადმყოფოებს დამატებითი პერსონალი სჭირდებათ, ვინც დიალიზს ჩაატარებს. 9 აპრილს ვუჰანელი მეცნიერების მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში წერია, რომ ვუჰანში ვირუსით გარდაცვლილთა გაკვეთისას აღმოჩნდა, რომ 26-დან 9-ს დაზიანებული ჰქონდა თირკმელი.

ამერიკის გულის ასოციაციის პრეზიდენტი, მიტჩელ ელკინდი, კი ამბობს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტებს გულზე ისეთი პრობლემები უვითარდებათ, რაც სასუნთქი გზების პრობლემებთან არაპროპორციულია. ნიუ იორკსა და ჩინეთში პაციენტების მკურნალობისას მიოკარდიტი და გულის რიტმის დარღვევა შეინიშნა, რამაც შესაძლოა გულის გაჩერება გამოიწვიოს.

"ზოგიერთ შემთხვევაში, მათ სასუნთქ გზებზე სერიოზული პრობლემა არ აქვთ და შემდეგ, უეცრად, უვითარდებათ გულის პრობლემები, რომლებიც სიმპტომების არაპროპორციულია", - ამბობს ელკინდი. მისივე თქმით, ჩინეთში აღრიცხული პაციენტების 40%-ს გულის არითმია აღენიშნებოდა. "ეს იძლევა შეშფოთების საფუძველს, ხომ არ ახდენს ვირუსი პირდაპირ გავლენას ამაზე", - ამბობს ის.

ბრიტანეთის ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, კლერ ჰოპკინსი, ამბობს, რომ პაციენტთა 60% სუნის შეგრძნებას კარგავს, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში ვლინდება სხვა სიმპტომებიც, მაგალითად სისხლში ჟანგბადის დონის დაცემა და გონების დაკარგვა, რაც, მისი თქმით, შესაძლოა, იმის ნიშანი იყოს, რომ ვირუსი ცენტრალურ ნერვულ სისტემას აზიანებს.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჯერ არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისათვის, რომ დანამდვილებით ითქვას, აქვს თუ არა პირდაპირი ეფექტი ვირუსს სხვა ორგანოებზე. ამას დამატებითი კვლევა სჭირდება.

კომენტარები