კორონავირუსი ჩინეთში

ჩინეთში Covid-19-სგან გარდაცვლილთა მონაცემების შესწორების შემდეგ რიცხვი 40%-ით გაიზარდა

Getty Images

ჩინეთში ახალი კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვი შეასწორეს. ახალი მონაცემების შეტანის შემდეგ ქალაქ ვუჰანში, სადაც ვირუსი პირველად გავრცელდა, გარდაცვალების კიდევ 1,290 ახალი შემთხვევა დაემატა.

შესწორების შემდეგ მთლიანად ჩინეთში გარდაცვლილთა რიცხვი თითქმის 40%-ით გაიზარდა და 4,636-ს მიაღწია. უმეტესობა ჰუბეის პროვინციაშია დაფიქსირებული, სადაც ქალაქი ვუჰანი მდებარეობს. გარდა ამისა, მონაცემების გადახედვის შემდეგ, ჩინეთმა ვირუსით ინფიცირების 325 ახალი შემთხვევა აღრიცხა.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის მიხედვით ზრდა იმან გამოიწვია, რომ აღრიცხეს ის შემთხვევებიც, როდესაც დაავადებული კორონავირუსით სახლში, ექიმის ნახვის და ოფიციალური დიაგნოზის დასმის გარეშე გარდაიცვალა. ჩინეთის ეპიდემიოლოგიის ცენტრის ანგარიშში ნათქვამია, რომ ამჯერად აღირიცხა ის მონაცემებიც, რაც მათ კლინიკებმა გადატვირთულობის გამო დროულად ვერ მიაწოდეს.

ჩინეთის მიერ ვირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა აღრიცხვის სისწორე ეჭვქვეშ უკვე დააყენეს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. აშშ-ის დაზვერვამ დაასკვნა, რომ ჩინეთი ვირუსის გავრცელების მასშტაბებს, ინფიცირებულთა და დაღუპულთა რიცხვს მალავდა. მსგავსი განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმაც.

ჩინეთი უარყოფს ბრალდებას, რომ მონაცემები განზრახ დამალეს. თუმცა, მონაცემების მსგავსი შესწორება მათ ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზეც შეიტანეს, როდესაც დიაგნოსტიკის მეთოდის ცვლილების შემდეგ ერთ დღეში ინფიცირებულთა რიცხვი 15,000-ით გაიზარდა.

კომენტარები