საგანგებო მდგომარეობა

ბაქრაძე: კონკრეტული ეკონომიკური გეგმის გარეშე საგანგებოს გაგრძელებას მხარს არ დავუჭერთ

დავით ბაქრაძე
ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, პარტია მხარს დაუჭერს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის აუცილებელ ყველა სამედიცინო ღონისძიებას, თუმცა საგანგებო მდგომარეობას აუცილებლად უნდა ახლდეს მოსახლეობის დახმარების კონკრეტული გეგმა. 

მისივე თქმით, გადარჩენის კონკრეტული ეკონომიკური გეგმის გარეშე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს ვერ დაუჭერენ. 

"იმ პირობებში, როდესაც ათეულობით ათასი ადამიანი აპრილში რჩება უხელფასოდ და ათეულობით ათასი თვითდასაქმებული ვეღარ გამოიმუშავებს ოჯახის შესანახად თანხას, ადამიანების სახლში დატოვება 10 მაისამდე ისე, რომ არ უთხრა მათ, რას პირდები, კონკრეტულად, რითი დაეხმარები, აპრილში, გასცემ თუ არა სახელფასო კომპენსაციას, ეხმარები თუ არა თვითდასაქმებულებს და სოციალურად დაუცველებს, ასეთი კონკრეტული დაპირებისა და დახმარების გარეშე, საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული შეზღუდვების გაგრძელება, უბრალოდ დაანგრევს ეკონომიკას და უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენებს ადამიანებს" - ამბობს ბაქრაძე. 

კორონავირუსის გავრცელების საფრთხი გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ვადა 21 აპრილს იწურებოდა, თუმცა მთავრობამ ვადის გასახანგრძლივებლად პრეზიდენტს მიმართა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 10 მაისამდე გაგრძელდება. 

კომენტარები