კორონავირუსი საქართველოში

ვის არ ეხება თბილისის, რუსთავის, ბათუმის და ქუთაისის ჩაკეტვისას დაწესებული შეზღუდვები - სია

15 აპრილის 21 საათიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და რუსთავში შესვლა-გამოსვლა 10 დღით იკრძალება (აკრძალვა არ ეხება ქალაქებში შიდა გადაადგილებას).პრემიერმინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა იმ პირთა სია წარმოადგინა, რომლებსაც ჩაკეტვის დროს დაწესებული შეზღუდვები არ ეხებათ. 

საქართველოს მთავრობის №242-ე დადგენილებაშია აღნიშნული, შეზღუდვა არ ეხება:

  • სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს;
  • საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;
  • ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადაყვანას;
  • ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირებას;
  • ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოების/გადაცემის/განაწილების/მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდების მიზნით გადაადგილებას;
  • სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლის მიზნით გადაადგილებას;
  • მედია საშუალებების წარმომადგენელთა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;
  • სარიტუალო მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას (მიცვალებულის გადასვენება/დაკრძალვა);
  • საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადაადგილებას;
  • კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;
  • საჯარო დაწესებულებებისა და ამ დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებს/ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.

ჩიქოვანის თქმით, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შესვლა არ ეკრძალებათ იქ რეგისტრირებულ პირებს. ასევე, მუნიციპალიტეტებიდან გასვლა არ ეკრძალებათ სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს.

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გახანგრძლივებას სთხოვს.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ე.წ კომენდანტის საათია გამოცხადებული და გარეთ გასვლა აკრძალულია, ასევე, დაუშვებელია, 3 პირზე მეტის შეკრება, ვინაიდან ახალი კორონავირუსი წვეთოვანი გზით გადამდები ინფექციაა.

დახურულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არ მუშაობს რკინიგზა, დახურულია სავაჭრო ობიექტები, აგრარული ბაზრები. ქობულეთის გარდა, მკაცრი საკარანტინო რეჟიმის გამო ჩაკეტილია მარნეული, თერჯოლა და ბოლნისი.

თუმცა, ეკლესია კანონს არ ემორჩილება და მათ ამისკენ არც ხელისუფლება მოუწოდებს. სახელმწიფო ეკლესიას პასუხს არ სთხოვს. 13 აპრილს მთავრობის წევრები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ, თუმცა, განცხადებები არ გაკეთებულა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობს და ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმის მიუხედავად, ეკლესიებში წირვა-ლოცვა მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება. 12 აპრილს, მართლმადიდებელმა ეკლესიამ ბზობა აღნიშნა. ტაძრებში ხალხმრავლობა იყო, მრევლი ერთი კოვზით აზიარეს. სამების ტაძარში ლოცვა პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.

12 აპრილს სამებაში შეკრებილებს ვნების კვირეულის ღვთისმსახურებების განრიგიც გააცნეს. აღდგომის წინა ღამეს პატრიარქი სამებაში კომენდანტის საათის დროს მივა და სააღდგომო ლიტურგიას კანონდარღვევით ჩაატარებს. იქნება ლიტანიობაც.

13 აპრილს კი საქართველოში ახალი კორონავირუსი სასულიერო პირს დაუდასტურდა. მან 7 აპრილს, ხარებას, წირვა აღავლინა, ჩაატარა ზიარებაც. დაინფიცირებულია მისი ექთანი დაც, ასევე, კლინიკა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის კიდევ 4 თანამშრომელი - ერთი ექიმი და 3 ექთანი.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ რჩება უმცირესობაში სერბეთთან და პოლონეთთან ერთად.

კომენტარები