ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტიის გეგმა გაითვალისწინოს და ყველა უმუშევრად დარჩენილ ან უხელფასო შვებულებაში გასულ ადამიანზე გასცეს კომპენსაცია ხელფასის 50%-ის ოდენობით.
"საგანგებო მდგომარეობის პირობებში სახლში გამოკეტილი ათობით ათასი ადამიანი ვერ აიღებს აპრილის თვის ხელფასს და მათთვის უმძიმესი პრობლემაა, როგორ არჩინონ ოჯახი და როგორ გაიტანონ თავი. ძალიან სამწუხაროა, რომ პრემიერისთვის და მთავრობისთვის ამ ადამიანების გაჭირვება დადის მხოლოდ ტექნიკურ პრობლემებზე, copy-paste-ზე და ბიუროკრატიულ რუტინაზე. მეორედ შემოაქვს პრემიერს საგანგებო მდგომარეობა, 10 მაისამდე ითხოვს ადამიანების სახლში დარჩენას ისე, რომ არ სთავაზობს არანაირ ეკონომიკურ გეგმას და არანაირ გამოსავალს, რითი ირჩინონ თავი. ამიტომ, დაბეჯითებით მოვუწოდებ ხელისუფლებას, გაიზიარონ ევროპული საქართველოს გეგმა და ყველა უმუშევრად დარჩენილ ან უხელფასო შვებულებაში გასულ ადამიანზე გასცენ ხელფასის კომპენსაცია ხელფასის 50%-ის ოდენობით", - ამბობს ბაქრაძე.
გიორგი გახარიამ პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გახანგრძლივების თხოვნით მიმართა.
ამასთან, 13 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს, 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 150 ლარს გადაუხდის.
ბაქრაძის განცხადებით, სახელფასო დახმარების გაცემა სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ შექმნილ კრიზისულ ვითარებაში 150-ლარიანი კომპენსაცია ვერ ჩაითვლება ადეკვატურ ანაზღაურებად.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ე.წ კომენდანტის საათია გამოცხადებული და გარეთ გასვლა აკრძალულია. 15 აპრილის 21:00 საათიდან მომდევნო ათი დღის განმავლობაში ჩაიკეტება 4 დიდი ქალაქი - თბილისი, ბათუმი, რუსთავი და ქუთაისი. ასევე, დაუშვებელია 3 პირზე მეტის შეკრება, ვინაიდან ახალი კორონავირუსი წვეთოვანი გზით გადამდები ინფექციაა.
დახურულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არ მუშაობს რკინიგზა, დახურულია სავაჭრო ობიექტები, აგრარული ბაზრები. ქობულეთის გარდა, მკაცრი საკარანტინო რეჟიმის გამო ჩაკეტილია მარნეული, თერჯოლა და ბოლნისი. Edison Research-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარს, 45%-ს თანხა 1 თვეზე ნაკლებ ხანს ეყოფა.





