ლუიზიანას, ტეხასის და მისისიპის შტატებში შტორმს სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა

CITY OF MONROE

ლუიზიანას, ტეხასის და მისისიპის შტატებში შტორმმა ტორნადო და წყალდიდობა გამოიწვია. დაიღუპა სულ მცირე 6 ადამიანი.

ლუიზიანას რამდენიმე ქალაქში ტორნადომ სახლები დაანგრია.

აშშ-ის ამინდის ეროვნული სააგენტოს პროგნოზის მიხედვით, მისისიპის, ალაბამას და ჯორჯიას შტატებში შტორმი კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. შესაძლოა, წარმოიქმნას ტორნადოები, მოსალოდნელია ძლიერი სეტყვა.

მიუხედავად კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინისა, მოსახლეობას მოუწოდებენ, საფრთხის შემთხვევაში, თავშესაფრებს მიაშურონ. გამოქვეყნდა სპეციალური მითითებები იმაზე, თუ როგორ უნდა დაიცვან მათ დისტანცია.

ამჟამად აშშ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. გამოვლინდა დაავადების 560,433 შემთხვევაა, დაიღუპა 22,115 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 32,634.

ლუიზიანაში გამოვლენილია 20,595 შემთხვევა, დაიღუპა 840 ადამიანი. ტეხასში დაავადებულთა რიცხვი 13,640-ს აღწევს, დაღუპულთა რიცხვი კი 278-ია. მისისიპის შტატში ვირუსი დაუდგინდა 2,781 ადამიანს, დაიღუპა - 96.

კომენტარები