ნავთობის ფასები

OPEC-ის საგანგებო შეხვედრის გადადების შემდეგ ნავთობის ფასი 7%-ით დავარდა

Reuters

ლონდონის სასაქონლო ბირჟაზე Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 7%-ით, 32 დოლარამდე დაეცა. ფასების ვარდნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ OPEC-სა და რუსეთს შორის 6 აპრილისთვის დანიშნული შეხვედრა, 9 აპრილისთვის გადაიდო. 

თავდაპირველად, ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა და რუსეთის ერთობლივი სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატში უნდა ჩატარებულიყო, შეხვედრის გადადების მიზეზად ტექნიკური პრობლემები დასახელდა.

როგორც ცნობილია, ამ დროისთვის OPEC და რუსეთი ახალ შეთანხმებაზე მუშაობენ, რომლის ფარგლებშიც, ფასების სტაბილიზაციისთვის, მოპოვების 10%-ით შემცირება იგეგმება. საუბარია, დღეში დაახლოებით 10 მილიონ ბარელზე. 

ახალი შეთანხმების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, მხარეებს მოუწოდა დაბრუნებოდნენ მოლაპარაკების მაგიდას. 

თავის მხრივ, შემცირებაზე მზაობა გამოთქვა ვლადიმერ პუტინმაც და განაცხადა, რომ ყველაფერი ისე უნდა მოხდეს, როგორც პარტნიორებს შეეფერებათ. ახალი შეთანხმების საჭიროება მას შემდეგ შეიქმნა, რაც OPEC-ის წინა სხდომაზე, რომელიც ვენაში 6 მარტს გაიმართა, რუსეთმა უარი თქვა საუდის არაბეთის წინადადებაზე, დამატებით კიდევ შეემცირებინათ ნავთობის მოპოვება. 

ახალ შეზღუდვებაზე ვერშეთანხმებას ძველი გარიგების ჩაშლა მოყვა, რომელიც 2016 წელს გაფორმდა. შედეგად, პირველი აპრილიდან საუდის არაბეთმა მოპოვება რეკორდულ 12,3 მილიონ ბარელამდე გაზარდა. 

კომენტარები