ნავთობის ფასები

საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვებას 26%-ით, დღეში 12,3 მილიონ ბარელამდე გაზრდის

AFP

რუსეთთან შეთანხმების ჩაშლის შემდეგ, საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვებას 26%-ით გაზრდის. ინფორმაციას ამის შესახებ საუდის არაბეთის ნავთობის სახელმწიფო კომპანიაზე დაყრდნობით Bloomberg ავრცელებს. 

ამგვარად, კომპანია Saudi Aramco ყოველდღიურად 12,3 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებს, რაც დიდი ალბათობით, კიდევ უფრო გააიაფებს ნავთობის ფასებს. შედარებისთვის, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საუდის არაბეთი ყოველდღიურად 9,7 მილიონ ბარელს მოიპოვებდა. 

მოპოვების ტემპების გაზრდა პირველი აპრილიდან მას შემდეგ დაიწყება, რაც გასული წლის დეკემბერში დადებულ შეთანხმებას ვადა გაუვა. ეს ნაბიჯი 6 მარტს რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის დაწყებული საფასო ომის შემდეგი ეტაპია. 

ტემპების ზრდით საუდის არაბეთი დანაკარგების კომპენსირებას შეეცდება. მოპოვების შესაძლო ზრდაზე საუბრობენ რუსეთშიც. ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრ ნოვაკის თქმით, რუსულ სანავთობო კომპანიებს შეუძლიათ მოპოვება ყოველდღიურად 300 ათასი ბარელით გაზარდონ. 

რუსეთთან ჩაშლილი შეთანხმების შემდეგ ნავთობის ფასები 30%-ით შემცირდა, თუმცა მოგვიანებით ფასები მცირედით გაიზარდა. ამის პარალელურად საუდის არაბეთმა საკუთარი წარმოების ნავთობზე უპრეცენდენტო 6-8 დოლარიანი ფასდაკლებები დააწესა. 

ამგვარად, პირველი აპრილიდან ბაზრებზე დიდი რაოდენობით ნავთობი აღმოჩნდება, შესაბამისად რაც არ უნდა იყოს რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის დაწყებული საფასო ომის გაგრძელება, უახლოეს მომავალში ნავთობის გაიაფება გარდაუვალია.

კომენტარები