ახალი მიკროავტობუსები

გაბაშვილი: ახლა კერძო კომპანიისთვის 30 მილიონის მიკროავტობუსების ყიდვა უგუნური საქციელია

გოკა გაბაშვილი
მეორე არხი

ევროპული საქართველოს თბილისის საკრებულოს წევრის გოკა გაბაშვილის თქმით, ამ ვითარებაში კერძო კომპანიისათვის 30 მილიონი ლარის ტრანსპორტის ყიდვა გაუგონარი და არასწორი ნაბიჯია. გაბაშვილის თბილისის მერიის ტენდერს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც მერია თბილისის სამარშუტო ტაქსების კომპანიას 30 მილიონის ღირებულების მიკროავტობუსებს უყიდის. 

"თუ მერია მართლა აპირებს, რომ ახლა, ამ პერიოდში დაახლოებით 30 მილიონი გადაიხადოს იმისთვის, რომ კერძო კომპანია, თბილისის სამარშუტო ტაქსების კომპანიას, რომელიც ძალიან დიდ ფულს შოულობს, შეუძინოს ტრანსპორტი, რბილად რომ ვთქვათ ეს არის უგუნური საქციელი. მაშინ როცა, 30 მილიონით შეიძლება მართლა სერიოზული დახმარება გაუწიო ასობით და ათასობით მცირე და საშუალო ბიზნესს, და გადაარჩინო ადამიანები გაკოტრებას და შიმშილს," - ამბობს გაბაშვილი. 

მისივე თქმით, მსგავსი ნაბიჯი ჩვეულებრივ დროსაც კი უგუნური საქციელი იქნებოდა, რადგან კომპანიას თავას აქვს მოძველებული ტრანსპორტის ჩანაცვლების ვალდებულება. 

"ბიუჯეტის ხარჯით ამხელა საჩუქარი გაუკეთო ერთ კომპანიას ასეთ დროს, ეს არის განსაკუთრებით დაუშვებელი რამ."

გაბაშვილი ამბობს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში ეს ფული ბევრ სხვა რამეში შეიძლება გახდეს საჭირო. 

"კორონავირუსის პანდემია საქართველოშ არ ვიცით ჯერ რა ხარჯებს გამოიწვევს. შეიძლება გამოიწვიოს უმუშევრების და პენსიონერების დახმარებისთვის ძალიან დიდი ხარჯი, შეიძლება გამოიწვიოს მთელი ბიზნესისთვის დახმარების პაკეტების შეთავაზების აუცილებლობა. შესამცირებელია გადასახადები, ქვეყანა არის გამოსაყვანი კრიზისიდან და ამისთვის, თვითონ მთავრობა ამბობს, რომ მილიარდზე მეტის, ორ მილიარდამდე მობილიზებას აპირებს ბიუჯეტში," - ამბობს გაბაშვილი. 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ახალი მიკროავტობუსების შესაძენად ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა თბილისის მერია ლურჯი ფერის 300 მიკროავტობუსს შეიძენს. 

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 29 მილიონი ლარია, რაც ერთ მიკროავტობუსზე გადათვლით, დაახლოებით 97 ათას ლარს შეადგენს. ამავე დოკუმენტაციის მიხედვით, იცვლება მიკროავტობუსების ფერი და ახალი სატრანსპორტო საშუალებები ლურჯი ფერის უნდა იყოს. 

მოთხოვნების მიხედვით, ერთ მიკროავტობუსს 17 ან მეტი მგზავრის გადაყვანა უნდა შეეძლოს. წინადადების მიღება 9 აპრილს დაიწყება და 14 აპრილს დასრულდება. 

კომენტარები