ახალი კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: 62 წლის მარნეულელი ქალი კლინიკიდან, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაეწერება

იმედი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის თქმით, 62 წლის მარნეულელი ქალი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში კლინიკიდან გაეწერება, ვინაიდან პირველადმა ტესტმა Covid 19-ზე უარყოფითი პასუხი აჩვენა.

მისივე თქმით, მკვეთრად გაუმჯობესდა 80 წლის ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.

"ქალბატონი, რომელიც არის კლინიკაში 62 წლის, მარნეულის კლასტერიდან, პირველ ეტაპზე მოვიდა დადებითი ტესტი, დღეს ვაგზავნით და სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გაეწერება კლინიკიდან. ქალბატონი 80 წლის, რომელიც ჩვენს კლინიკაში შემოსულია მწვავე რესპირატორული დისტრესით, ორმხრივი მწვავე პნევმონიით, მწვავე სეფსისით, გულის უკმარისობით, არტერიული ჰიპერტენზიით, ამ ქალბატონის მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებული იყო. ამ დილიდან მოიხსნა მართვითი სუნთქვიდან. თუ 60 წლის და ზემოთ პაციენტები მომართავენ კლინიკას, სუნთქვის უკმარისობის დასაწყის სტადიაში, მეტი  გამოჯანმრთელების შანსი, ვიდრე დამძიმებული მომართვის დროს“ , – თქვა ლევან რატიანმა.

მძიმეა 42 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ხელოვნური სუნთქვის აპარატი ამ დრომდე არ დასჭირვებია.

„ახალგაზრდა მამაკაცი 42 წლის, კლინიკურად სახეზეა კოვიდინფიცირება, ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, გუშინ გითხარით, რომ პაციენტთან იყო მეცხრე დღე კლინიკური გამოვლინებების, მიჩნეულია, რომ დაავადების მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე დღე იქნება კრიტიკულად. რჩება მძიმე, მაგრამ აპარატი ამ ეტაპამდე არ დასჭირვებია.იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება", - თქვა მან.

რაც შეეხება კლინიკაში მყოფ ორსულებს, რატიანის განცხადებით, მათი მდგომარეობა ბოლო ოთხი დღეა, დინამიკაში უცვლელია. მისივე თქმით, სტაბილურია 13 წლის ბავშვის მდგომარეობაც.

ამ დროისთვის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ კორონავირუსით ინფიცირებული 51 პაციენტი მკურნალობს.

კომენტარები