კორონავირუსი

კონსტანტინიდი: კვირაში 2-3 რეისი სრულდება, დაბრუნების მსურველი მეტია, ვიდრე ამის შესაძლებლობა

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, დღეის მდგომარეობით საქართველოს 5000-მდე მოქალაქე დაბრუნდა ქვეყანაში, როგორც ავია რეისებით, ისე სახმელეთო და საზღვაო გზებით. მისივე თქმით, პროცესი საკმაოდ რთულია, რადგან ბევრმა ქვეყანამ გადაადგილების შესაძლებლობები შეზღუდა. 

კონსტანტინიდი ამბობს, რომ ჯერ კიდევ ბევრი საქართველოს მოქალაქე რჩება საზღვარგარეთ, რომელიც სამშობლოში დაბრუნებას საჭიროებს. მისივე თქმით, მათი რაოდენობა, შეიძლება, 10-ჯერ მეტია, ვიდრე ამის შესაძლებლობა. 

"ბოლო პერიოდში გეგმაზომიერი ფრენები განხორციელდა. კვირაში დაახლოებით, 2-3 ფრენაა. ეს ძალიან რთული პროცესია, გადაადგილების მთელი ჯაჭვია. ძირითადი აქცენტი კეთდება ევროპის ქვეყნებზე. აქ განსაკუთრებით მაღალია ჩვენი მოქალაქეების რაოდენობა...

არის უამრავი ჰუმანიტარული შემთხვევა, რომელსაც ჩვენ ვითვალისწინებთ. ეს ორი-სამი ფრენა კვირაში არის ის ოპტიმალური, მოზომილი სიხშირე, რომელიც უნდა იყოს იმ საჭიროებებთან და შესაძლებლობებთან. ანუ საჭიროებების და შესაძლებლობების ბალანსი უნდა იყოს დაცული"- თქვა საგარეოს წარმომადგენელმა ტვ პირველის ეთერში და აღნიშნა, რომ 12-15 აპრილს 2 დამატებითი რეისი ბერლინიდან და ამსტერდამიდან შესრულდება. 

ბოლო მონაცემებთ, კორონავირუსით ინფიცირება უცხოეთში მყოფ 35 საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა. მათგან 5 პირი გარდაიცვალა. 

კომენტარები