საკონსტიტუციო სასამართლო

იურისტები უზენაეს სასამართლოს: დაუყონებლივ შეაჩერეთ საკონსტიტუციოს მოსამართლის დანიშვნა

Freedom

სამართლის აკადემიის სფეროს წარმომადგენლები უზენაეს სასამართლოს ღია წერილით მიმართავენ და მოუწოდებენ, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე დაუყონებლივ შეაჩერონ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნის პროცედურა. 

31 მარტს უზენაესი სასამართლოს პლენუმი საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მოსამართლეს დანიშვნავს.

წერილში იურისტები აღნიშნავენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე იურისტი უნდა იყოს და რომ უზენაესი სასამართლო არსებულ საგანგებო ვითარებას ბოროტად იყენებს და ყოველგვარი საზოგადოებრივი კონტროლისგან თავის არიდებით ცდილობს, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მოსამართლის დანიშვნას. 

"უდავოა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობა არ არის პარალიზებული, რასაც მოწმობს ის გარემოებაც, რომ მოსამართლე კოპალეიშვილს არ გაგრძელებია უფლებამოსილების ვადა ამ საფუძვლით. აქედან გამომდინარე, არ არსებობს ობიექტური გარემოება, რომელიც გაამართლებდა საგანგებო მდგომარეობის პირობებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფორსირებულ რეჟიმში განხორციელებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს უზენაეს სასამართლოს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნის პროცედურა, სანამ არ გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა და პროცესები ჩვეულ ვითარებას არ დაუბრუნდება,"- წერია წერილში. 

განცხადებას ხელს აწერენ: 

  • გიორგი ჩიტიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი
  • გიორგი მელაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
  • ზურაბ ჯიბღაშვილი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
  • დავით ჯანდიერი - საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი
  • თენგიზ თევზაძე - სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენ-პროფესორი
  • გიორგი მუმლაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი
  • ალიკა კუპრავა - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი
  • ედუარდ მარიკაშვილი - თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
  • კახი ყურაშვილი - ააიპ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი
  • დავით ზედელაშვილი - თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
  • სოფიო ასათიანი - ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
  • გიორგი გორაძე - სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის ფაკულტეტის დეკანი
  • ბესიკ ლოლაძე, სამართლის დოქტორი, პროფესორი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე

  • გიორგი ნონიაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი

როგორც უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზეა მითითებული, სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი მოსამართლე 31 მარტს უნდა დანიშნოს.

საკონსტიტუციო სასამართლოში ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც მაია კოპალეიშვილს 2019 წლის 4 დეკემბერს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. 

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს კვოტის შევსება უნდა მოხდეს "საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 1 თვისა და არაუგვიანეს 10 დღისა". შესაბამისად, უზენაეს სასამართლოს ახალი მოსამართლის დანიშვნის ვადა 24 ნოემბერს ამოეწურა. 

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ წევრს უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლე ირჩევს, მათ შორის, ახლადდანიშნული 14 მოსამართლე - შალვა თადუმაძე, ნინო ქადაგიძე, მერაბ გაბინაშვილი და ა.შ. 

კომენტარები