სწრაფი ტესტები

ევროპული საქართველო: სწრაფი ტესტები გადაუდებელი აუცილებლობაა

IPN

ევროპულ საქართველოში ამბობენ, რომ ვირუსის გავრცელებასთან ეფექტურად ბრძოლისათვის და იმისათვის, რომ მარნეულის შემთხვევა სხვა საავადმყოფოშიც არ განმეორდეს, ქვეყანაში ხარისხიანი სწრაფი ტესტები უნდა შემოვიდეს. ამის შესახებ ბრიფინგი პარტიის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გამართა.

ჭიაბერაშვილის თქმით, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ კორონავირუსთან ბრძოლის სამხრეთ კორეული და ისრაელის წარმატებული სტრატეგია, რომელიც სწრაფ ტესტებს ეყრდნობა.

"უნდა დავიცვათ მედპერსონალი სათანადო ეკიპირებით, შემთხვევების მართვის მკაფიო წესებით და მათი პერიოდული სწრაფი ტესტირებით - კორონავირუსზე საეჭვო სერიოზული სიმპტომების მქონე ნებისმიერი პაციენტი საავადმყოფოს კარებში შესვლის მომენტიდან განხილული უნდა იყოს, როგორც კორონავირუსით ინფიცირებული იმის მიუხედავად, საბოლოოდ მას ვირუსი დაუდგინდება თუ არა. შესაბამისად, მასთან კონტაქტი უნდა ჰქონდეს შესაბამისად ეკიპირებულ მედპერსონალს მოქმედების შესაბამისი ინსტრუქციით და მკურნალობის პროტოკოლით," - ამბობს ჭიაბერაშვილი.

მისვე თქმით, თუ ტესტი დადებით პასუხს აჩვენებს, პაციენტს უნდა ჩაუტარდეს PCR-ტესტი, რასაც აკეთებს ლუგარის ლაბორატორია და კვლავ დადებითი პასუხის შემთხვევაში პაციენტი უნდა გადაიყვანონ შესაბამის საავადმყოფოში, შესაბამისი ეკიპირებით. 

ჭიაბერაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ახლადგამოვლენილი კლასტერების მასობრივი სწრაფი ტესტირება, რაც მარნეული შემთხვევაში სახელმწიფოს საშუალებას მისცემდა, სწრაფად გამოეყო ინფიცირებულთა ჯგუფი და მხოლოდ მათი იზოლირება მოეხდინა. 

"უსიმპტომოები და მსუბუქი სიმპტომებით - საკარანტინო სივრცეებში, არაინფიცირებულები სახლებში მაქსიმალური სოციალური დისტანცირებით. მცირე, მაგრამ სამწუხაროდ არის შანსი, რომ სწრაფ ტესტზე ვირუსი გაგვიძვრეს (ამ ტესტების სიზუსტე დაახლოებით 90%-ია). როგორც კი ვირუსი ახალ ადგილას ფიქსირება, ვიმეორებთ იგივე პროცედურას და ამით ვამცირებთ ვირუსის გავრცელების მასშტაბს," - ამბობს ჭიაბერაშვილი.

შიაბერაშვილი ასევე ამბობს, რომ მსგავსი მეთოდი დიდ რესურსს დაზოგავდა, მისივე თქმით, ასეთ ვითარებაში სწრაფი ტესტები უნდა უტარდებოდეს პოლიციელებს და ჯარისკაცებს, რომლებსაც ასევე სჭირდებათ სათანადო ეკიპირება. 

"სწრაფ ტესტებზე უარის თქმა ნიშნავს ვირუსის უფრო მეტ უკონტროლო და გაცილებით დიდი მასშტაბით გავრცელებას",  - ამბობს ჭიაბერაშვილი.

გუშინ, 23 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ სწრაფი ტესტები საქართველოში დღეიდან შემოვა და 25 მარტიდან უკვე შესაძლებელლი იქნება მოსახლეობის ტესტირება.

საქრთველოში, რომ სწრაფი ტესტები შემოვიდოდა ამის შესახებ 21 მარტს ისაუბრა პრემიერმა გიორგი გახარიამ. თუმცა, გახარია ამბობდა, რომ  სწრაფი ტესტი არ არის პანაცეა და სხვა ინსტრუმენტების გარეშე არაფრის მომტანი იქნება. მისივე თქმით, მასობრივი ტესტირება ეფექტურია მაშინ, როდესაც სრულად მზად გვაქვს ჯანდაცვის სისტემა და სახლის პირობებში კონტროლის შესაძლებლობა.

კომენტარები