ეგვიპტე

ახალი კორონავირუსის გამო ეგვიპტეში მეჩეთები და ეკლესიები ორი კვირით იხურება

Reuters

ეგვიპტის მთავრობამ ახალი კორონავირუსის გამო მეჩეთების და ეკლესიების ორი კვირით დაკეტვის ბრძანება გასცა.

გადაწყვეტილება მთავრობამ შაბათს, 21 მარტს მიიღო, მას შემდეგ, რაც ის სოციალურ მედიაში მოსახლეობამ გააკრიტიკა პარასკევს მეჩეთებში ლოცვის დაშვების გამო.

ქვეყნის რელიგიების სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება "სულების დაცვის აუცილებლობით" არის ნაკარნახევი და მეჩეთებს შესაძლებლობა ექნებათ ლოცვები მინარეთებზე დამონტაჟებული ხმის გამაძლიერებლებით გადასცენ.

სალოცავები არ გაიხსნება არც დაკრძალვის ცერემონიებისთვის და ამ შემთხვევაში ლოცვა ღია ადგილას ჩატარდება.

ალ-აზჰარის საბჭომ დაასკვნა, რომ მთავრობას უფლება აქვს დახუროს მეჩეთები მოსახლეობის დაცვის მიზნით. გადაწყვეტილებას ემორჩილება ეგვიპტის კოპტური მართლმადიდებელი ეკლესიაც.

ეგვიპტეში უკვე დაიხურა კაფეები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, სპორტული მოედნები და კლუბები. დახურულია სკოლები და უნივერსიტეტებიც. შეჩერბულია ფრენები.

ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის 285 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაიღუპა 8 ადამიანი.

კომენტარები