კორონავირუსი

იტალიაში ბოლო 24 საათში კიდევ 475 ადამიანი დაიღუპა, დადასტურდა ინფიცირების 4207 ახალი შემთხვევა

BBC

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 475 ადამიანი დაიღუპა, დადასტურდა ინფიცირების 4207 ახალი შემთხვევა. იტალიაში ჯამურად დაღუპულთა რიცხვი 2978-ია, ხოლო ინფიცირებულთა - 35,713. 

იტალია დაღუპულთა და ინფიცირებულთა ჯამური რიცხვით მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩება. ქვეყანაში სიკვდილიანობა 8%-ია, რაც გაცილებით მაღალი მონაცემია, ვიდრე სხვაგან. იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 99%-ზე მეტს სხვა დაავადება სჭირდა. ახალი ვირუსით გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 79.5 წელია, ინფიცირებულთა - 63 წელი.

იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა მხოლოდ 0.8%-ს არ ჰქონდა რამე დაავადება. 48.5%-ს სამი ან მეტი დაავადება სჭირდა, 25.6%-ს - ორი, ხოლო 25.1%-ს - ერთი მაინც. 

დაღუპულთა 75%-ზე მეტს მაღალი წნევა ჰქონდა, დაახლოებით 35%-ს - დიაბეტი, 1/3-ს კი, გულის დაავადება აწუხებდა.

აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგად, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 18%-ის მონაცემები შეისწავლეს. 

როგორც ანგარიშში წერია, 17 მარტის მონაცემებით, კორონავირუსით 50 წლამდე ასაკის 17 ადამიანი დაიღუპა. ახალი ვირუსით დაღუპული 40 წლამდე პირი ყველა მამაკაცი იყო - სერიოზული დაავადებებით.

იტალია 10 მარტიდან მთლიანად კარანტინის ზონად არის გამოცხადებული.

კომენტარები