ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას ეხმაურება. ბოკერიას თქმით მთავრობის გეგმა "კონცეპტუალურად არასწორია" და "არსებითად ვერაფერს გააუმჯობესებს".
"ევროპული საქართველოს ხედვა არის მეტი ფულის დატოვება ადამიანებისთვის, მეწარმეებისთვის, ბიზნესისთვის, რომელსაც თვითონ გამოიმუშავებენ საკუთარი შრომით, იმ დოვლათის, რაც მათ უნდა ეკუთვნოდეთ, რომელსაც ისინი უკეთე განკარგავენ, ვიდრე ბიუროკრატები და ჩინოვნიკები.
ჩვენ ვეუბნებით ადამიანებს და მეწარმეებს, რომ ჩვენ გვინდა, დაგიტოვოთ მეტი ფული, მთავრობა ეუბნება, რომ ჩვენ გასესხებთ ამ ფულს, და მერე უნდა ჩაგვასესხოთ." - ამბობს ბოკერია.
ევროპული საქართველოს ლიდერი მიიჩნევს, რომ "ფუნდამენტურად მცდარია" მთავრობის მიდგომა, გამოყოს კონკრეტული დარგები, რომლებსაც დახმარებას გაუწევს, რადგან კორონავირუსის კრიზისი ყველას ეხება.
ამდენად, ბოკერია მთავრობის ნაბიჯებს არასაკმარისს უწოდებს და ამბობს, რომ ევროპული საქართველოს ინიციატივით, უნდა შემცირდეს ქონების, მოგებისა და საწვავის აქციზის გადასახადები.
"ფუნდამენტურად არასწორია, ცუდი ძიძის როლში იყოს მთავრობა.
რადგანაც გადასახადების დაწევაზე ამბობენ უარს, როგორც ჩანს, ეს მათ პოლიტიკურ დნმ-ს ეწინააღმდეგება."
13 მარტს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად წარადგინა ეკონომიკის მასტიმულირებელი ზომები, რომელთა მიზანიც კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შერბილებაა.
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გაიზრდება ინფრასტრუქტურული ხარჯები, დაწესდება საგადასახადო და სასესხო შეღავათები, რაც ყველაზე მეტად ტურიზმის სექტორს შეეხება.
ნახეთ სრულად, რას მოიცავს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა.





