კორონავირუსი

კორონავირუსზე ჩინეთის მრჩეველი: პანდემია, სავარაუდოდ, ივნისამდე დასრულდება

ჭუნგ ნანშანი
VOA

12 მარტს სამედიცინო საკითხებზე ჩინეთის მთავრობის მაღალი რანგის მრჩეველმა და ეპიდემიოლოგმა ჭუნგ ნანშანმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გლობალური პანდემია, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ივნისამდე დასრულდება.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. მნიშვნელოვანია, რომ პანდემია დაავადების გეოგრაფიულ გავრცელებაზე მიუთითებს და არა მის სიმძიმეზე.

ჭუნგმა ასევე თქვა, რომ ამჟამად ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების ბევრი შემთხვევა შემოტანილი იყო და ეს პაციენტები ასიმპტომურები არიან. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, მისი თქმით, ვირუსით ხელახლა დაავადების მაჩვენებელი დაბალია.

აღსანიშნავია, რომ 11 თებერვალს ჭუნგის განცხადებით, ჩინეთში თებერვალში ვირუსის გავრცელება პიკს აღწევდა და მისი ვარაუდით, აპრილამდე ეს შეჩერდებოდა. ბოლო 24 საათში მთელ კონტინეტურ ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაავადების 18 შემთხვევა და 11 გარდაცვალება დადასტურდა.

2003 წელს სწორედ ჭუნგ ნანშანს ჩინეთში კორონავირუსების ოჯახის ერთერთი იმჟამად ახალი ვირუსის ე.წ. SARS, მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის შეკავებაში და ვირუსით დაავადებულების მკურნალობის მეთოდის გამოგონებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. 2005-დან 2009 წლამდე ის ჩინეთის მედიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. 2010 წელს ჩინეთმა ის ჩინეთის 10 წამყვანი მეცნიერების რიგში შეიყვანა. ახალი კორონავირუსის გავრცელებისას 83 წლის ეპიდემიოლოგი კრიზის მენეჯმენტის მთავარ მრჩევლად კვლავ დანიშნეს.

2002-2003 წლებში SARS-ით მსოფლიო მასშტაბით 8096 ადამიანი დაავადდა, აქედან 774 შემთხვევა ფატალურად დასრულდა. დაავადებით სიკვდილიანობის პროცენტულობა იყო 9.6%. 

2003 წელს ჭუნგი ამბობდა, რომ მთავრობა SARS-ის ვირუსზე ინფორმაციას არ აზიარებდა, რამაც კრიზისი გაახანგრძლივა. ამჯერად თვლის, რომ გამჭვირვალობასა და ჯანმოს-თან თანამშრომლობის საკითხზე, პეკინი უკეთ იქცეოდა, თუმცა მეტი უნდა გაეკეთებინა.

ამჟამინდელი ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსით 80 796 ადამიანი დაავადდა. აქედან 62 813 პაციენტი, ვისაც კორონავირუსი ჰქონდათ და გამოჯანმრთელდნენ, გაწერეს. გარდაცვლილია 3 169 ადამიანი. 14 814 პაციენტი მკურნალობას კვლავ განაგრძობს, აქედან 4 257-ის მდგომარეობა კრიტიკული ან სერიოზულია.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4 716-მდე გაიზარდა. გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 127 769 შემთხვევა, აქედან 68 335 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ჩინეთის შემდეგ, კორონავირუსით დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა ამჟამად იტალიაშია დადასტურებული - 12 462 დაავადების შემთხვევა. ჩინეთს გარეთ გარდაცვალების ყველაზე მეტი, 827 შემთხვევაც იტალიაშია. კორონავირუსის გამო 10 მარტს მთელი იტალია ჩაკეტეს.

რაც შეეხება საქართველოს, ამჟამინდელი მონაცმებით, ქვეყანაში კორონავირუსის 24 შემთხვევაა დადასტურებული​. უკანასკნელი ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 298, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 46 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები