იმნაძე: ყველა ჰიგიენური წესი მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული სკოლაშიც, ოჯახშიც, ეკლესიაშიც

ტვ. პირველი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ის არ იძლევა რეკომენდაციებსა და რჩევებს ეკლესიასთან ან რომელიმე ინსტიტუციასთან დაკავშირებით, თუმცა აქვს რჩევები ადამიანებისთვის: 

"მე არ ვარ რელიგიური რიტუალების სპეციალისტი, მე არ ვიძლევი რჩევას არც რელიგიური მსახურებისთვის, არც ერთი კონფესიისთვის, მე ვიძლევი რჩევას მოსახლეობისთვის. მოსახლეობისთვის რჩევა არის ერთადერთი - ყველა ჰიგიენური წესი უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული სკოლაშიც, ოჯახშიც, უმაღლესშიც, ეკლესიაშიც, ანუ ადამიანს ვაძლევ რჩევას" - თქვა იმნაძემ და აღნიშნა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს "სიტუაციურად" იძლევა. მისი თქმით, ყველა ინსტიტუცია თავად წყვეტს, "ზოგადი რეკომენდაციების" საფუძველზე როგორ მოიქცევა.

"ეკლესია თვითონ გადაწყვეტს ამ საკითხებს, მე არ ვარ რელიგიათმცოდნე, მე ვარ ეპიდემიოლოგი" - თქვა იმნაძემ.

კითხვაზე, რა რჩევაა ადამიანებისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პასუხობს - "ერთი კოვზი ადამიანმა არც ოჯახში არ უნდა გამოიყენოს, არც რესტორანში, თავისი გვერდზე მჯდომის მაგიდაზე ხელიც არ უნდა გადაყოს, არც მისი საჭმელი აიღოს, არ უნდა გამოიყენოს მეზობლის ჩანგალი ან კოვზი, რესტორანში რომ ზის. ეს არის ჩვეულებრივი რჩევა. არის კიდევ რწმენა და არის კიდევ მეცნიერება. ამაზე ფილოსოფიურ კამათში მე ვერ შევალ".

ამჟამინდელი ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით დაავადების ოთხი შემთხვევა დადასტურდა. 

ეპიდემიოლოგები და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი თვითიზოლაციის, ხელების ხშირი დაბანის, მხოლოდ საკუთარი ჭურჭლის გამოყენების ინსტრუქციებს გასცემს. 2 კვირით შეწყდა სწავლა ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ასევე, დროებით გაუქმდა სპექტაკლები და გადაიდო ღონისძიებები, სადაც ბევრი ადამიანი უნდა შეკრებილიყო.

თუმცა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ 29 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს და მრევლი, ათობით ადამიანი კვლავ ერთი კოვზით ეზიარება. ეკლესია ამბობს, რომ ამას ათასწლოვანი პრაქტიკის განმავლობაში სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა "ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს".

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ერთჯერადი კოვზებით ზიარების რეკომენდაციას გასცემს, იმავეს ამბობს NCDC-ის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძეც, ამირან გამყრელიძე კი გეგმავს, ამ საკითხზე უახლოეს დღეებში პატრიარქს ესაუბრობს.

ამ ეტაპზე, მსოფლიო მასშტაბით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 95,501 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელდა 53,399 პირი, ხოლო ვირუსით გარდაიცვალა 3,286 ადამიანი.

კომენტარები