აშშ-ჩინეთი

აშშ-მა ამერიკაში ჩინეთის სახელმწიფო მედიის პერსონალის რაოდენობაზე ზედა ზღვარი დააწესა

France 24

2 მარტს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყანაში ჩინეთის მთავარ სახელმწიფო მედია სააგენტოებში მომუშავე ჩინელი პერსონალის რაოდენობაზე ზედა ზღვარი დააწესა

"ჩინეთში უცხოური მედია ორგანიზაციებისგან განსხვავებით, ესენი დამოუკიდებელი სიახლეების ორგანიზაციები არაა," - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო განცხადებაში.

აღნიშნული შეზღუდვა სწორედ იმ ჩინურ სახელმწიფო, პროპაგანდულ მედიებს ეხებათ, რომლებიც 18 თებერვალს აშშ-მა კომუნისტური სახელმწიფოს აგენტებად, საგარეო მისებად გამოაცხადა - Xinhua, China Global Television Network, China Radio International, China Daily და People's Daily.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამ ქმედებით აშშ იმედოვნებს, რომ პეკინს ჩინეთში ამერიკელი და სხვა უცხოელი ჟურნალისტებისადმი უფრო სამართლიანი მიდგომა ექნება - "ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ ჩინეთის მთავრობას, რომ დაუყოვნებლივ აღასრულოს მისი საერთაშორისო ვალდებულებები, პატივი სცეს გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის, მედიის წევრების".

სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება ჩინეთის მედიის მიერ გამოქვეყნებული ან გაშუქებული ამბის შინაარსს არ ეხებოდა.

"ჩვენ წლების განმავლობაში ვთხოვთ ჩინელებს, რომ ჩინეთში ჟურნალისტებისადმი მოპყრობა გააუმჯობესონ," - განაცხადა ამერიკელმა მარალი რანგის პირმა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ დღეს ჩინეთში ყველა სახის დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩახშობა ხდება და თავისუფალ სიტყვაზე პეკინის შეტევა იყო უფრო ძლიერი, ვიდრე ეს იყო ათი წლის წინ. მათ დღევანელი ჩინური მედია ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირის დროის მედიას შეადარეს. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ასევე თქვეს, რომ აშშ ახლო მომავალში ჩინელი ჟურნალისტების ქვეყანაში დარჩენის ხანგრძლივობაზეც დააწესებდა ლიმიტს. 

აშშ-ის ქმედება ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების სერიოზულ დაზიანებად და ჩინური მედიის წინააღმდეგ პოლიტიკურ შევიწროებად შეაფასა. პეკინი საპასუხო ნაბიჯებით იმუქრება. 

შეგახსენებთ, რომ 19 თებერვალს ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ Wall Street Journal-ის სამ ჟურნალისტს 3 თებერვალს გამოქვეყნებული სტატიის "ჩინეთი აზიის დაავადებული კაცია" გამო გააძევა. სტატიის ავტორმა ახალ კორონავირუსზე პეკინის რეაგირება გააკრიტიკა და განიხილა თუ რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ეპიდემიამ ქვეყნის ეკონომიკასა და პოლიტიკურ სისტემაზე.

"ჩინეთში ჩინეთის უცხოელ კორესპონდენტთა ჯგუფის კორსეპონდენტები და კოლეგები მაღალჩინოსნებისგან მზრდად შევიწროებას, თვალთვალს და დაშინებას განიცდიან. WSJ-ს ჟურნალისტების გაძევება უკანასკნელი და ყველაზე საგანგაშო ზომაა, რაც მაღალჩინოსნებს მიუღიათ," - განაცხადეს ჩინეთის უცხოელ კორესპონდენტთა ჯგუფში.

სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ გუშინდელი ქმედება კერძოდ Wall Street Journal-ის საქმესთან დაკავშირებული არ იყო. 

ჩინეთი 2019 წლის მედია თავისუფლების ინდექსით 180 ქვეყნიდან 177-ე ადგილს არის და მხოლოდ ერიტრეას, ჩრდილოეთ კორეას და თურქმენეთს უსწრებს.

გასული წლის სექტემბერში ჩინეთში გამოაცხადეს, რომ ჩინეთში პრეს ბარათის ასაღებად პრეზიდენტისადმი ერთგულების ტესტის ჩაბარება იქნება საჭირო.

კომენტარები