ჩეჩნეთი

ჩეჩენი ბლოგერი ამბობს, რომ პოლონეთში მკვლელობის მცდელობას გადაურჩა

AP

ცნობილი ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის კრიტიკით გამოირჩევა, ამბობს, რომ პოლონეთში მას თავს დაესხნენ და მისი მოკვლა სცადეს. აბდურახმანოვმა ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც მეორე მამაკაციც ჩანს, მას სისხლი სდის, აბდურახმანოვს კი ჩაქუჩი უჭირავს, რომლითაც, როგორც თავად ამბობს უცნობი კაცი მოკვლას უპირებდა.

ვიდეოში აბდურახმანოვი კაცს ეკითხება ვინაა, ვინ გამოგზავნა მის მოსაკლავად და საიდან, რაზეც ის პასუხობს "მოსკოვიდან, მათ დედაჩემი ჰყავთ".

აბდურახმანოვმა ჩეჩნეთი 2015 წელს დატოვა, მას შემდეგ, რაც მას კადიროვთან დაკავშირებული ოფიციალური პირები დაემუქრნენ. აღსანიშნავია, რომ მას თავშესაფარზე უარი უთხრა საქართველომ, რის შემდეგაც ის პოლონეთში ჩავიდა და იქ ცდილობდა თავშესაფრის მიღებას. 2018 წელს მას პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა.

აბდურახმანოვისთვის თავშესაფრის მინიჭებაზე უარის თქმას გმობს Amnesty International-ი. მათ მიაჩნიათ, რომ რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში ბლოგერი წამების რისკის ქვეშ იქნება.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ევროპაში მყოფი ჩეჩნები, რომლებიც კადიროვს და ვლადიმირ პუტინს აკრიტიკებდნენ და ქვეყნის დატოვება მოუხდათ მკვლელობის სამიზნეები გახდნენ.

გასული წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მოკლეს საქართველოს მოქალაქე, ყოფილი ჩეჩენი მებრძოლი და პანკისის მკვიდრი 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი. Belligcat-ის, გამოცემა Spiegel-ისა და რუსული Insider-ის ახალი ერთობლივი გამოძიებით ცნობილი გახდა, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელმა, ვადიმ კრასიკოვმა სპეციალური მომზადება რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის [ФСБ] ელიტალური ქვედანაყოფის "ვიმპელის" ბაზაზე გაიარა.

მიმდინარე წლის 4 თებერვალს კი ჩეჩენი ბლოგერი, 44 წლის იმრან ალიევი, რომელიც რამზან კადიროვს აკრიტიკებდა, საფრანგეთის ქალაქ ლილის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში მოკლული იპოვეს. მას დანით კისრის არეში მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული.

მაშინ ტუმსო აბდურახმანოვმა თქვა, რომ კადიროვის კრიტიკის გამო მასაც დაემუქრნენ და ალიევის მკვლელობამდე მიიღო ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთიდან ევროპაში დაქირავებული მკვლელი გაგზავნეს. აბდურახმანობის თქმით თავდაპირველად ეგონა, რომ მისი მკვლელობა იგეგმებოდა და ინფორმაცია გერმანიის პოლიციას მიაწოდა.

კომენტარები