მიხეილ კალანდიას საქმე

სარალიძის მკვლელობისთვის მიხეილ კალანდიას 15 წელი მიესაჯა, საპატიმროში 11 წელს გაატარებს

რუსთავი2

სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას 15 წელი მიუსაჯა, თუმცა, მართლმსაჯულების კოდექსით, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და ის ციხეში 11 წელს და 3 თვეს გაატარებს.

გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

კალანდიას ოჯახი ამტკიცებს, რომ მსჯავრდებული უდანაშაულოა და სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა.

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანი დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდია 2019 წლის ზაფხულში, ზაზა სარალიძის ერთწლიანი პროტესტის შემდეგ დააკავეს. იქამდე კალანდია მკვლელობის საქმის მთავარი მოწმე იყო. მის დაკავებას ევროპული საქართველოს მიერ შექმნილი საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია ჯერ კიდევ 2018 წლის 5 სექტემბერს მოითხოვდა.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობისთვის კიდევ ორი ადამიანია დაკავებული. 28 იანვრის გადაწყვეტილებით, უზენაესმა სასამართლომ დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასთან მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. გიორგი ჯანაშიას სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ჯანაშია აქედან 4 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, დანარჩენი 4 წელი კი - პირობითად ჩაეთვლება. ის პენიტენციურ დაწესებულებას 2021 წელს დატოვებს.

რაც შეეხება ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძეს, უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა და ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ცნო დამნაშავედ. ბარბაქაძეს სასჯელიც უცვლელი დარჩა - მას 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა შეფარდებული.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი 2017 წლის დეკემბერში მოკლეს.

კომენტარები