სახელმწიფო უსაფრთოების სამსახური

სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების მიხედვით ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავა და 2 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015 წლის 19 ოქტომბერს, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ქალაქ ცაგერში, სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც შპს "პრიზმა"-მ გაიმარჯვა. აღნიშნულ კომპანიასთან 2 714 143 ლარის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ხელშეკრულება გაფორმდა. სპორტული კომპლექსის მშენებლობის დროს, შპს "პრიზმა"-ს დირექტორმა, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებლების  დახმარებით,  დოკუმენტებში 177 000 ლარის ღირებულების სამუშაოები ყალბად დააფიქსირა შესრულებულად  და ამ გზით სახელმწიფოს კუთვნილ აღნიშნულ თანხას თაღლითურად დაეუფლა.  შპს "პრიზმა"-ს დირექტორს თაღლითობაში დახმარება გაუწია  შპს "აუდიტ-ფრევეგი"-ს ექსპერტმა, რომელმაც მის მიერ შედგენილ დასკვნაში არარსებული სამუშაოები შესრულებულად აჩვენა.

თავის მხრივ, შპს "მშენტექზედამხედველი"-ს დირექტორმა, რომელსაც სამუშაოების შესრულების პროცესში ტექნიკური ზედამხედველობა ევალებოდა და შპს "პრიზმა"-ს ინჟინერმა, რომელიც  საანგარიშგებო დოკუმენტებს ადგენდა, დოკუმენტებში არარსებული სამუშაოები შესრულებულად დააფიქსირეს. სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო, 2017 წლის 12 ოქტომბერს, შპს "პრიზმა"-სთან დადებული ხელშეკრულება შეწყდა, რის გამოც სამშენებლო სამუშაოები სხვა კომპანიამ დაასრულა." ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე შპს "პრიზმა"-ს დირექტორი გ.ნ, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებლები გ.ჯ, ი.გ. და შპს "აუდიტ-ფრევეგი"-ს ექსპერტი რ.კ. დააკავეს.

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, შპს "მშენტექზედამხედველი"-ს დირექტორი ნ.ბ. და საწარმოში გულგრილობის ფაქტზე შპს "პრიზმა"-ს ინჟინერი თ.მ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ.

გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები