მერაბიშვილის გათავისუფლება

ბობოხიძე: მერაბიშვილმა, დამხობაში, არჩევნების გზით შეცვლა იგულისხმა და სხვა არაფერი

ტვ. პირველი

ევროპული საქართველოს წევრის აკაკი ბობოხიძის თქმით, ვანო მერაბიშვილმა სიტყვა "დამხობაში" ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა იგულისხმა. ბობოხიძემ ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. 

"გახარიამ უსინდისოდ იცრუა, როცა თქვა, რომ სიტყვა შეცვლა არ უხსენებია მერაბიშვილსო, მერაბიშვილი გულისხმობდა მხოლოდ შეცვლას. ბევრჯერ ახსენა შეცვლა. დამხობაში იგულისხმება შეცვლის გზით, არჩევნების გზით და არანაირიად სხვა მეტი," - ამბობს ბობოხიძე. 

რაც შეეხება იმას, შესაძლოა, თუ არა, რომ ვანო მერაბიშვილის ევროპული საქართველოს წევრად ვიხილოთ, ბობოხიძე ამბობს, რომ მერაბიშვილი ამის შესახებ განცხადებას თავად გააკეთებს, როცა გადაწყვეტილებას მიიღებს. 

“ნებისმიერი განცხადება ან ერთი ან მეორე ანუ თუნდაც მესამე პარტიის მხრიდან როგორ წარმოუდგენია ვანო მერაბიშვილის ადგილი ზოგადად ქართულ პოლიტიკაში და კონკრეტულად პარტიულ საქმიანობაში, ჩემი აზრით არის დამატებითი შემბოჭველი გადაწყვეტილების მიღების დროს. უკვე მიღებული რომ ჰქონდეს და დამატებითი ინფორმაციები და სიტუაციის შესწავლა არ სჭირდებოდეს ამ განცხადებას თვითონ გააკეთებდა," - ამბობს ბობოხიძე.  

ბობოხიძე ასევე აღნიშნავს, რომ რომელ პარტიაშიც არ უნდა წავიდეს მერაბიშვილი, მას ეყოფა პოლიტიკური პასუხიმგებლობა იმისთვის, რომ არ შეუქმნას საფრთხე ოპოზიციური ერთიანობის პროცესს.

"მერაბიშვილი კი არა ვინც არ უნდა გახდეს ხვალ რომელიმე პარტიის წევრი, ნებისმიერ პირს ქართული ოცნება ცდილობს, რომ მიაწებოს ნაციონალური მოძრაობის იარლიყი. ეს არჩევნები არ იქნება ერთი რომელი პარტიის და ქართული ოცნების დაპირისპირება , ჩვენ ყველა ერთად დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს," - ამბობს ბობოხიძე.

ვანო მერაბიშვილმა დღეს ციხიდან გამოსვლის შემდეგ ხელისუფლების შეცვლაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ ახარებს ოპოზიციის ერთიანობა და ერთიანი ოპოზიცია გაიმარჯვებს. იქვე აღნიშნა, რომ როცა ხელისუფლება დაემხობა, პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან.

"მე შევინარჩუნე ძალა, ენერგია, იმედი, რწმენა, რომ გავაგრძელო ბრძოლა იმისათვის რომ ეს რეჟიმი საქართველოს წელსვე ჩამოცილდეს. მე გაძლევს გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება. ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება და ქვეყანა წავიდეს წინ." - თქვა მან.

მერაბიშვილმა ე.წ მატროსოვის დაწესებულება დღეს, 20 თებერვალს, სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ, დატოვა. 

კომენტარები