ნიკა მელიას საქმე

"გამოირჩევა კლანის მხარდაჭერით" - ჯანეზაშვილი ნიკა მელიას მოსამართლეზე

ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მოსამართლე ვეფხია ლომიძე, რომელიც 10 მარტს ნიკა მელიას საქმეზე პროკურატურის საჩივარს განიხილავს, "გამოირჩევა კლანის მხარდაჭერით". 

"მისი კარიერა საინტერესოა, ის 2016 წელს გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. ამის შემდეგ, დაახლოებით ორ წელში, ის დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ. სააპელაციო სთავმჯდომარე არის მიხეილ ჩინჩალაძე, შესაბამისად, რომ არა ჩინჩალაძის კლანის მხარდაჭერა, ლომიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერ გახდებოდა" - ამბობს ჯანეზაშვილი და აღნიშნავს, რომ ეს არის ერთგვარი დაწინაურება.

"დაწინაურებას ცხადია, აქვს თავისი მხარე - უნდა შეასრულოს კლანის დავალებები" - თქვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა.

მთავარმა პროკურატურამ ქართუს გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მეორე ინსტანციის სასამართლოში სხდომა 10 მარტს არის ჩანიშნული.

7 წლის წინ აღძრულ საქმეზე, 2019 წლის 2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გაამართლა, ხოლო მეორე ეპიზოდში გაამტყუნა და 25 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მოსამართლემ მას 3 წლით და 2 თვით თანამდებობის დაკავებაც აუკრძალა. ამ განაჩენის შემდეგ, ნიკა მელიას საპარლამენტო უმრავლესობამ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.

ნიკა მელიას ადვოკატს უკვირს, "ასეთ რთულ და მოცულობით საქმეს", რატომ განიხილავს მხოლოდ ერთი მოსამართლეს.

"როგორც წესი, ასეთ საქმეებს პალატა იხილავს ხოლმე, ანუ სამი მოსამართლე, ამ შემთხვევაში ცოტა უცნაურია ერთი მოსამართლე" - ამბობს გიორგი მდინარაძე.

2019 წლის 2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელია დამნაშავედ ცნო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებაში. ხოლო უდანაშაულოდ - სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ დიდი ოდენობით ქონების გადამალვის დახმარების ნაწილში.

"ქართუს გაკოტრების" საქმეზე გამოძიება 7 წლის წინ, 2012 წელს დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, პოლიტიკურ პროცესებში აქტიური ჩართვის შემდეგ ბიძინა ივანიშვილზე ანგარიშწორების მიზნით ბანკის გაკოტრებისთვის ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა მოქმედებდა, რომელშიც პოლიტიკური თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი. 

პროკურატურის მტკიცებით, ბანკის გაკოტრების მიზნით შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს უფლება ეძლეოდა, აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, ამ ფირმას გააჩნდა თუ არა ბანკის ვალი. აუქციონზე მყიდველის არარსებობის შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტროს უფლება ეძლეოდა, პირდაპირი მიყიდვის წესით გაესხვისებინა ეს ქონება. 

პროკურატურის მტკიცებით, იმისთვის, რათა ბანკი ქართუს ქონება გონივრულ ფასში არ გამოესყიდათ, აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის, ნიკა მელიას ხელმძღვანელობით აუქციონს შლიდნენ. შედეგად, "აღსრულების ეროვნული ბიურო ქონებას ეკონომიკის სამინისტროს გადაცემდა, ეკონომიკის სამინისტრო კი, პრეზიდენტის განკარგულებით ქონებებს პირდაპირი მიყიდვის წესით ასხვისებდა".

კომენტარები