იდლიბის პროვინცია

თურქეთი იდლიბში სადამკვირვებლო პოსტებიდან სამხედრო ძალის გამოყვანას არ აპირებს

AFP

თურქეთი სირიის ჩრდილოეთ-დასავლეთ იდლიბის რეგიონიდან სადამკვირვებლო პოსტებიდან სამხედრო ძალის გამოყვანას არ პირებს მიუხედავად იმისა, რომ სამ პოსტს უკვე სირიის მთავრობა აკონტროლებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters თურქეთის უშიშროების წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყარო ამბობს, რომ ქალაქ სარაქებში თურქ სამხედროებს პრობლემა არ ჰქონდათ და იდლიბში თითოეული სადამკვირვებლო პოსტი ისეა აღჭუვილი, რომ მათ თავდაცვა შეუძლიათ.

მისივე თქმით, ჩრდილოეთ სირიაში, თურქეთის საზღვართან თურქი და რუსი ჯარისკაცების ერთობლივი პატრულირება უამინდობის გამო გადაიდო და არა იდლიბში განხორციელებული თავდასხმები გამო.

5 თებერვალს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიას მოუწოდა, რომ იდლიბიდან სამხედრო ძალა თვის ბოლომდე გაეყვანა - "თუ რეჟიმი ამ დროის განმავლობაში უკან არ დაიხევს, თურქეთი ამას თავად გააკეთებს".

მისი თქმით, თურქეთი იდლიბის პროვინციაში სახმელეთო და საჰაერო ოპერაციებს განახორციელებდა მაშინ, როდესაც ამის საჭიროება დადგებოდა.

6 თებერვალს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ რუსეთს მოუწოდა, რომ იდლიბის პროვინციაში სირიის რეჟიმის თავდასხმები შეეჩერებინათ.

მიმდინარე კვირას იდლიბის პროვინციაში ქალაქ სარაქებთან ასადის რეჟიმის მიერ განხორციელებულ დაბომბვას 8 თურქი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით თურქეთმა საპასუხო ზომები დაუყოვნებლივ მიიღო და რეგიონში რამდენიმე სამიზნე გაანადგურა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ ასადის რეჟიმის ძალების თავდასხმის შემდეგ, რამაც არაერთი თურქი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწია, აშშ ნატოს მოკავშირე, თურქეთის გვერდით დგას და სრულიად მხარს უჭერს თურქეთის "სწორ თავდაცვის საპასუხო ქმედებას".

სირიის იდლიბის პროვინციაში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად უკანასკნელ ტერიტორიაზე ბაშა ალ-ასადის და მისი მოკავშირეების თავდასხმას მიგრანტების ახალი ტალღის დაძვრა მოჰყვა. გაეროს ჰუმანიტარული კოორდინაციის ოფისის მონაცემებით 1 დეკემბრის შემდეგ სახლების მიტოვება 520,000-მდე ადამიანს მოუხდა, მათი 80% ქალები და ბავშვები არიან.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არაერთხელ თქვა, რომ ქვეყანა მიგრანტების ახალ ტალღას მარტო ვერ გაუმკლავდება და ევროპის ქვეყნები გააფრთხილა, რომ შედეგებს ყველა იგრძნობს.

ასადის რეჟიმმა და რუსეთმა საჰაერო თავდასხმა და სახმელეთო კამპანია ოპოზიციის უკანასკნელ პოზიციებზე გასული წლის 26 აპრილს დაიწყეს. მას შემდეგ 11,500-ზე მეტი საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. მათ შორის გამოიყენეს იარაღი, რომელსაც საერთაშორისო კანონმდებლობა კრძალავს. თავდასხმების სამიზნეს სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის სკოლები და საავადმყოფოებიც წარმოადგენდა.

რუსეთმა და თურქეთმა 2018 წლის სექტემბერში იდლიბთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ტერიტორიაზე მათ ერთობლივი პატურლირება უნდა განეხორციელებინათ და რადიკალური ელემენტებისაგან გაეთავისუფლებინათ. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც იანვარში ტერიტორიის ნაწილზე დაჯგუფება ჰურიათ თაჰრირ ალ-შამმა კონტროლი დაამყარა, ასადმა მოკავშირეებთან ერთად იდლიბზე თავდასხმა დაიწყო.

მონიტორიგნის ორგანიზაციების ინფორმაციით გასული წლის აპრილის შემდეგ სირიის მთავრობისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებულმა დაბომბვებმა ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე 1,300-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მილიონამდე ადამიანს საცხოვრებლის მიტოვება მოუხდა.

ასადის ძალები იდლიბზე თავდასხმას აგრძელებენ და რამდენიმე ქალაქი აიღეს.

 

კომენტარები