საპროკურორო საბჭომ ირაკლი შოთაძესთან გასაუბრება დაიწყო [ვიდეო]

ტაბულა

გენერალურ პროკურატურაში საპროკურორო საბჭომ ირაკლი შოთაძესთან გასაუბრება დაიწყო. გასაუბრება გენერალური პროკურორობის კანდიდატთან 11:00 საათზე დაიყო. 

ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ თუ პარლამენტში გენერალური პროკურორის კანდიდატად ირაკლი შოთაძე იქნება წარმოდგენილი, უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს. 

შოთაძის კანდიდატურის წარდგენას აპროტესტებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები. ევროპული საქართველოს ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა 31 იანვარს პროკურატურასთან სიმბოლურად პლასტმასის დანები მიიტანეს.  

ევროპული საქართველოს დეპუტატის, ოთარ კახიძის თქმით, ხორავას ქუჩის საქმის შემდეგ შოთაძის დაბრუნება "საზოგადოების დაცინვაა" და ამ გადაწყვეტილებას ივანიშვილი იღებს.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა 16 იანვარს წარუდგინა. 

სამართლის დარგის სპეციალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპროკურორო საბჭოს ჯამში 17 კანდიდატი წარუდგინეს. 

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის მაისში, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო დაწყებული აქციების შემდეგ გადადგა. ის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა. 

გენერალური პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ გამწესდა.  

კომენტარები