კახიძე შოთაძეზე: ხორავას ქუჩის საქმის შემდეგ მისი დაბრუნება საზოგადოების დაცინვაა

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატი, ოთარ კახიძე, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნებას "საზოგადოების დაცინვად" აფასებს. გენერალურ პროკურატურაში საპროკურორო საბჭოსთან შოთაძის გასაუბრება დღეს, 4 თებერვალს არის ჩანიშნული.

"საზოგადოების დაცინვაა, როდესაც ხორავას ქუჩის საქმეზე განცდილი კრახის შემდეგ ივანიშვილი მას თანამდებობაზე აბრუნებს. შოთაძის დანიშვნაზე გადაწყვეტილებას არც საპროკურორო საბჭო იღებს და არც პარლამენტი. გადაწყვეტილებას იღებს ივანიშვილი, მთელი ეს პროცესი არის ფიქცია",-თქვა კახიძემ მთავართან ინტერვიუში.

ოთარ კახიძე ამბობს, რომ ირაკლი შოთაძეს იმ კითხვებს დაუსვამს, რაც მასთან საზოგადოებას აქვს. 

ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ თუ პარლამენტში გენერალური პროკურორის კანდიდატად ირაკლი შოთაძე იქნება წარმოდგენილი, უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა 16 იანვარს წარუდგინა. 

სამართლის დარგის სპეციალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპროკურორო საბჭოს ჯამში 17 კანდიდატი წარუდგინეს. 

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის მაისში, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო დაწყებული აქციების შემდეგ გადადგა. ის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა. 

გენერალური პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ გამწესდა. 

კომენტარები