აშშ-ისრაელი

ტრამპმა და ნეთანიაჰუმ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების გეგმა წარმოადგინეს

დონალდ ტრამპი და ბენიამინ ნეთანიაჰუ
Reuters

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერმინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად საზოგადოებას ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების გეგმა წარუდგინა.

"დღეს ისრაელმა დიდი ნაბიჯი გადადგა მშვიდობისაკენ. ჩემი ხედვა ორივე მხარისათვის მომგებიანია. რეალისტური გზაა ორი სახელმწიფოს ჩამოყალიბების, რაც გადაჭრის პალესტინური სახელმწიფოს რისკს ისრაელის უსაფრთხოებისათვის." თქვა ტრამპმა.

გეგმის მთავარი გზავნილებია პალესტინის სახელმწიფოს აღიარება, მთელი იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობა და დასავლეთ სანაპიროზე ებრაულ დასახლებებზე ისრაელის სუვერენიტეტის გავრცელება. ტრამპმა რუკაც გაავრცელა, რომელზეც აღნიშნულია თუ რა ტერიტორიებს აღიარებს აშშ ისრაელის სუვერენიტეტის ქვეშ. ტრამპის თქმით რუკაზე ჩანს, თუ რა დათმობებზე მიდის ისრაელი:

"მე ყოველთვის მხარს დავუჭერ ისრაელს და ებრაელ ხალხს. მხარს ვუჭერ მათ უსაფრთხოებას და მათ უფლებას იცხოვრონ საკუთარ ისტორიულ სამშობლოში. მშვიდობის დროა!" წერს ის.

ტრამპის ამბობს, რომ რუკის მიხედვით პალესტინის ტერიტორიები ორმაგდება და მათი დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმს ნაწილი, აბუ დისი იქნება, სადაც აშშ საელჩოს გახსნის. აბუ დისი დასავლეთ სანაპიროზე მდებარე სოფელია, რომელიც იერუსალიმზე ისრაელის მუნიციპალური საზღვრის გარეთ მდებარეობს. დასახლება კედლით არის შემოსაზღვრული.

შესაბამისად, იერუსალიმი სრულად დარჩება ისრაელის დედაქალაქად. რაც შეეხება ებრაელებისა და მუსლიმებისათვის წმინდა ადგილს იერუსალიმში, სადაც ალ-აკსას მეჩეთი მდებარეობს და რომელსაც ამჟამად რელიგიური ფონდი მართავს, რომელსაც იორდანია ხელმძღვანელობს, ტრამპის გეგმის მიხედვით მის მმართველობაზე სტატუს-კვო უნდა შენარჩუნდეს და ამაზე ისრაელმა იორდანიასთან ერთად უნდა იმუშაოს.

ტრამპის გეგმის მიხედვით პალესტინელებისა და ებრაელების გადასახლება არ უნდა მოხდეს, შესაბამისად დასავლეთ სანაპიროზე არსებული ებრაული დასახლებები დარჩება და მათზე ისრაელის სუვერენიტეტი გავრცელდება. ტრამპი ირწმუნება, რომ ამგვარად დასავლეთ სანაპირო არ დაიყოფა. მისი გეგმის მიხედვით პალესტინის ტერიტორიები გარკვეული პერიოდით ღია უნდა იყოს, სანამ პალესტინელები შეთანხმებას შეისწავლიან, ისრაელთან მოლაპარაკებებს გამათავენ და სახელმწიფოს შექმნისათვის აუცილებებლ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.

"პალესტინელები სიღარიბეში და ძალადობაში არიან, მათ ექსპლოატაციას ეწევიან ისინი, ვისაც მათი გამოყენება სურთ ტერორიზმსა და ექსტრემიზმში. ისინი უკეთეს ცხოვრებას იმსახურებენ." თქვა ტრამპმა.

ტრამპმა თქვა, რომ ეს შესაძლოა პალესტინელებისათვის ბოლო შანსი იყოს, თუმცა პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა მის გეგმას შეთქმულება უწოდა:

"მივმართავ ტრამპს და ნეთანიაჰუს: იერუსალიმის არ იყიდება, ჩვენი უფლებები არ იყიდება და ამაზე ვაჭრობა არ მოხდება. თქვენი გეგმა, შეთქმულება, არ დამტკიცდება." თქვა მან.

გეგმის გამოცხადებამდე ღაზას სექტორში ათასობით პალესტინელმა საპროტესტო აქცია გამართა. ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე სამხედრო ძალები გაგზავნა. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით მედიაში გავრცლდა ინფორმაცია, რომ კვირას ისრაელის მთავრობა განიხილავს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების 30%-ის მიერთებას. დასავლეთ სანაპიროზე ამჟამად 400,000-ზე მეტი ებრაელი ცხოვრობს. საერთაშორისო კანონები ამ დასახლებებს არაკანონიერად ცნობს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ტრამპის გეგმის განსახილველად რუსეთში გაემგზავრა, სადაც ვლადიმირ პუტინს შეხვდება.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა თქვა, რომ გაერო მხარს დაუჭერს სამშვიდობო შეთანხმებას რომელიც ეყრდნობა გაეროს რეზოლუციებს, საერთაშორისო კანონებს და ორმხრივ შეთანხმებებს. მისი თქმით გაერო კვლავ მხარს უჭერს კონფლიქტის გადასაჭრელად ორი სახელმწიფოს შექმნას, თუმცა იმ საზღვრებზე დაყრდნობით, რაც 1967 წლის ომამდე იყო, როდესაც ისრაელმა დასავლეთ სანაპირო და ღაზას სექტორი აიღო.

არაბული ლიგა ტრამპის გეგმას საგანგებო შეხვედრაზე შაბათს განიხილავს.

კომენტარები