კორონავირუსი ჩინეთში

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 106-ს მიაღწია, გამოვლენილია დაავადების 4,515 შემთხვევა

AFP

ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 106-ს მიაღწია. გაიზარდა ვირუსით ინფიცირების შემთხვევებიც. ამ დროისათვის უკვე გამოვლენილია დაავადების 4,515 შემთხვევა. ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, სადაც დაავადებას 50 წლის კაცი ემსხვერპლა.

ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში მდებარე ქალაქებში ტრანსპორტზე შეზღუდვა გამკაცრდა. პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა ზოგიერთ ქალაქში.

იაპონია და აშშ გეგმავენ ქალაქ ვუხანში, სადაც ვირუსი პირველად გავრცელდა, სპეციალური რეისები დანიშნონ და საკუთარი მოქალაქეები გამოიყვანონ. მსგავსი ზომების მიღებას განიხილავენ საფრანგეთი და სამხრეთ კორეაც.

ვირუსი სასუნთქი გზების ინფექციას, სუნთქვის გართულებას და მაღალ სიცხეს იწვევს. ჯერ-ჯერობით ვაქცინა ან წამალი არ არსებობს.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის მიხედვით დაავადებისაგან სრულად გამოჯანმრთელების შემდეგ საავადმყოფოდან უკვე 60 ადამიანი გაწერეს. ვირუსით დაღუპულთა უმეტესობა ასაკოვნები იყვნენ, რომელთაც სასუნთქი გზების პრობლემები აწუხებდათ. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მიხედვით ვირუსით შესაძლოა ბავშვებიც დაავადდნენ, თუმცა მათ შემთხვევაში სიმპტომები უფრო მსუბუქია.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ვირუსი ინკუბაციის პერიოდშიც ვრცელდება, რაც მისი გავრცელების შეჩერებას ართულებს. ინკუბაციის პერიოდი, როდესაც დაავადებულ პირს სიმპტომები არ აღენიშნება, შესაძლოა, 1-დან 14 დღემდე გაგრძელდეს. ამის გამო პეკინსა და შანხაიში ჰუბეის პროვინციიდან ჩამოსულ ადამიანებზე 14-დღიანი დაკვირვება დააწესეს.

გადაიდო სკოლებსა და უნივერსიტეტებში ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებაც.

დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა ჩინეთის ფარგლებს გარეთაც, თუმცა ამ დრომდე ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ ყოფილა. ვირუსით დაავადების 8 შემთხვევა დაფიქსირდა ტაილანდში, 5 აშშ-ში, ავსტრალიაში, სინგაპურსა და ტაივანში, 4 სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და მალაიზიაში, 3 საფრანგეთში, 2 ვიეტნამში, 1 ნეპალში, კანადაში, კამბოჯაში, შრი ლანკაში და გერმანიაში. თითქმის ყველა შემთხვევაში დაავადებული პირი ვუხანში იმყოფებოდა, ან ვუხანიდან ჩასულ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

საქართველოში აეროპორტში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრების შემოწმება დაიწყო.

ეპიდემიოლოგები და გადაუდებელი ცენტრის მედიკოსები მგზავრებს როგორც დისტანციური თერმომეტრებით, ისე პირადი გასაუბრებით ამოწმებენ.

მათ ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია ვირუსის სიმპტომურ მახასიათებლებთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, შემოწმდებიან ჩინეთიდან საქართველოში როგორც ავიარეისებით, ისე ტრანზიტულად შემოსული მგზავრები.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების მხრივ, საქართველო დაბალი რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებს შორისაა.

კომენტარები