აშშ-ისრაელი

ტრამპი ისრაელის ლიდერებს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების გეგმას გააცნობს

დონალდ ტრამპი
AP

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელის ლიდერებს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების გეგმას სავარაუდოდ დღეს გააცნობს. ტრამპმა შეხვედრებისათვის თეთრ სახლში ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და 2 მარტს დანიშნულ არჩევნებში მისი მთავარი კონკურენტი ბენი განცი მიიწვია. ის მათთან დამოუკიდებელ შეხვედრებს გამართავს.

სავარაუდოდ ხვალ გაიმართება ტრამპისა და ნეთანიაჰუს ერთობლივი პრესკონფერენცია, რა დროსაც შესაძლოა ტრამპის გეგმის დეტალები გასაჯაროვდეს.

წყაროები ამერიკულ მედიასთან საუბარში ამბობენ, რომ გეგმის გასაჯაროებამდე ტრამპის ადმინისტრაციას სურს როგორც ნეთანიაჰუს, ასევე განცისაგან მიიღოს თანხმობა გეგმაზე. მათივე თქმით ტრამპი გეგმაზე დათანხმების და მისი იმპლემენტაციის დაწყებისათვის მათ 6-კვირიან ვადას მისცემს.

გეგმაზე სამი წლის განმავლობაში მუშაობდნენ ტრამპის მრჩეველი და სიძე ჯარედ კუშნერი და ასევე ტრამპის მრჩევლები ავი ბერკოვიცი და ჯეისონ გრინბლატი. 50-გვერდიანი გეგმის მიზანია ხელი შეუწყოს ისრაელსა და პალენსტინელებს შორის მოლაპარაკებებს, თუმცა მისი გასაჯაროება ისრაელში სამთავრობო კოალიციის ფორმირებასთან დაკავშირებული კრიზისის გამო დაყოვნდა. გასულ წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ კოალიციის ფორმირება ვერც ნეთანიაჰუმ და ვერც ბენი განცმა შეძლო, რის გამოც კიდევ ერთი განმეორებითი არჩევნების დანიშვნა გახდა საჭირო.

პალესტინის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ გეგმა დასავლეთ სანაპიროზე მათი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის იმედებს დაამსხვრევს და ტრამპის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებზე წასვლაზე უარს ამბობენ.

კომენტარები