ლევან იზორიას ძმის საქმე

პოლიციელი სუს-ს: შეწყვიტეთ ჩემი არასრულწლოვანი შვილების თვალთვალი, მე კითხვებს ვუპასუხებ

მთავარი არხი

პოლიციელი გიორგი დვალიშვილი, რომელსაც ლევან იზორიას ძმის დაკავების გამო დევნიან, ამბობს, რომ მის ოჯახს უთვალთვალებენ და მის 3 არასრულწლოვან შვილს ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ამყოფენ.

დვალიშვილმა ენმ-ის წევრთან, ხატია დეკანოიძესთან ერთად სუს-ის შენობასთან ბრიფინგი ჩაატარა და სუს-ის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს მიმართა, შეწყვიტოს მისი ოჯახის უკანონო მიყურადება. პოლიციელმა თქვა, რომ თავად მზად არის, ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

"მინდა, მივმართო ბატონ გიორგი ლილუაშვილს (სუს-ის უფროსს): დაანებეთ თავი ჩემი და ჩემი ოჯახის თვალთვალს. ჩემზე თვალთვალი არ არის პრობლემა, მე დასამალი არაფერი მაქვს. მზად ვარ ახლაც შევიდე, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო, თუ რამე აინტერესებთ. მე ვარ პოლიციელი, ნუ ქმნიან ჩემგან მტრის ხატს. მზად ვარ, ვითანამშრომლო ნემისმიერ შემთხვევასთან დაკავშირებით.

მყავს 3 არასრულწლოვანი შვილი, 3 გოგო, რომლებიც სისტემატურად იმყოფებიან თვალთვალის ქვეშ, არიან სადარბაზოებშიც კი. ეს ძალიან ზედმეტია. ვერ ვიცავ ჩემს ბავშვებს, ფსიქოლოგიურად არიან უდიდესი წნეხის ქვეშ. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მივმართავ, შეწყდეს ეს უკანონობა, მზად ვარ, ნებისმიერ შეკითხვაზე გავცე პასუხი. აქ ვარ, არსად არ მივდივარ", - თქვა დვალიშვილმა.

ხატია დეკანოიძის თქმით, თვალთვალი სასამართლოს განჩინების გარეშე, კანონდარღვევით მიმდინარეობს.

მისივე განცხადებით, ენმ ამ საქმის ირგვლივ დეტალურ ინფორმაციას დიპლომატიურ კორპუსს მიაწვდის.

"გუშინ შეშინებულმა შვილმა მე მომწერა. უკანონო თვალთვალი, რომელიც ხორციელდება მასზე, ამ შენობაში მყოფი ადამიანების მიერ მისი ოჯახის წევრებზე, ცოლზე, შვილებზე, არის იმ სისტემის მახინჯი სახე, რომელმაც დაფარა დანაშაული და მაღალჩინოსნის ოჯახის წევრი გაათავისუფლა საპატრულო პოლიციის მანქანიდან და ბოდიში მოახდევინა საქართველოს პოლიციელებს.

ჩვენ მოვედით აქ, თუ რამე აქვს სახელმწიფოს სათქმელი, მოვიდეს და აქ გვითხრას.

მომხდარი უსამართლობის შესახებ ჩვენ აუცილებლად მივაწვდით ინფორმაციას დიპლომატიურ წარმომადგენლობებს", - თქვა ხატია დეკანოიძემ.

23 იანვარს ტელეკომპანია მთავარმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს,  როგორ აკავებს პოლიცია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, ლევან იზორიას ძმას, ვახტანგ (კიტა) იზორიას, კონკრეტული პირების ჩარევის შემდეგ კი ათავისუფლებს.

ვიდეო 2015 წელს არის გადაღებული, როცა იზორია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

მთავარ არხთან ინტერვიუში პოლიციელი გიორგი დვალიშვილი, რომელმაც ვახო (კიტა) იზორია წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა, ყვება, რომ ამ ამბის შემდეგ მისი დევნა დაიწყეს.

"იცი ვინ ვარ? შენნაირებს მე ფორმას ვხდი საერთოდ და შენ სახლში უნდა დაჯდე. არ დაგინდობთ, თქვენ რას გიზამთ იცით?" - მიმართავს დაკავებული პოლიციელებს.

ვიდეოში ასევე ჩანს, რომ რამდენიმე წუთში საქმეში სხვა პოლიციელები ერევიან, რომლებიც ტელეფონით იღებენ ინსტრუქციებს და იზორიას ათავისუფლებენ, კადრებში ჩანს, რომ ადგილზე მიდის ლევან იზორიას მძღოლიც. 

მთავარი არხის ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ გიორგი დვალიშვილი დააქვეითეს, შემდეგ სამეგრელოში გადასვლა შესთავაზეს და მოგვიანებით, რეორგანიზაციის საფუძველზე, კადრების განყოფილებას გადასცეს.

მთავარი არხის ინფორმაციით, ვიდეოს არსებობა ცნობილია გიორგი გახარიასა და შს მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვისაც.

მათივე ცნობით, დვალიშვილს თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა კახა ბუხრაძემ ჩანაწერის მობილურში გადაგზავნა მოსთხოვა, რაზეც სამართალდამცველმა უარი განაცხადა და სამართლებრივი ბრძოლა დაიწყო - დვალიშვილმა ფაქტის შესახებ პროკურატურასა და სახალხო დამცველს მიმართა და შსს-ს იმ მაღალჩინოსნების პასუხიმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა, რომელბმაც მომხდარი დანაშაული დაფარეს, თუმცა საქმეს გაგრძელება და რეაგირება არ მოჰყოლია.

კომენტარები