ანაკლიის პორტი

ჯონ ჰერბსტი ანაკლიაზე: ეს ერთპიროვნული გადაწყვეტილებაა, ვაშინგტონი უკმაყოფილო იქნება

Wikimedia

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი უკრაინაში და ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის პროგრამების ხელმძღვანელი, ჯონ ჰერბსტი ამბობს, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტა ერთპიროვნული გადაწყვეტილებაა და ინვესტორებს ცუდ მესიჯს უგზავნის.

ამის შესახებ მან ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრა.

"ვაშინგტონი ამ ნაბიჯით უკმაყოფილო იქნება. ეს ერთპიროვნული გადაწყვეტილებაა და ნამდვილად არ უწყობს ხელს საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. მიუხედავად იმისა, თუ რა იყო ამ ნაბიჯის მიზეზი: ის რომ [ბიძინა] ივანიშვილი რუსეთს აწონებს თავს, ან უბრალოდ სურს პროექტის შეჩერება, ეს ცუდ მესიჯს უგზავნის ინვესტორებს და იმ ადამიანებს, რომელთაც სურთ საქართველოში ნამდვილი ეკონომიკური რეფორმები და განვითარება იხილონ", - ამბობს ჰერბსტი.

ამერიკის ხმის ინფორმაციით, ჯონ ჰერბსტმა ასევე თქვა, რომ ამ საკითხს ამერიკის მთავრობა ქართველ პარტნიორებთან დააყენებს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები დაიწყება. მათ შორის იქნება როგორც საინვესტიციო ხელშეკრულების მოშლის სამართლებრივი, ისე "ანაკლიის პორტის შემდგომი განვითარებისათვის" პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებლად აუცილებელი პროცედურები.

ანაკლიის კონსორციუმს წინასწარი ვალდებულებების შესრულების ვადა 15 ოქტომბერს ამოეწურა. მოგვიანებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ კონსორციუმს ვადა მიმდინარე წელს 31 დეკემბრამდე გადაუწიეს. ანაკლიის კონსორციუმი 31 დეკემბერს აცხადებდა, რომ არ წყვეტენ მუშაობას, რათა პროექტი არ გაჩერდეს, თუმცა, მათი შეფასებით, ამ ვითარებაში გადამწყვეტი როლი სახელმწიფოს ჩართულობას ეკისრება.

2019 წლის 8 იანვრიდან სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს ანაკლიის კონსორციუმის ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის მიმართ. ხაზარაძე-ჯაფარიძეს სახელმწიფო ფულის გათეთრებას ედავება.

კომენტარები