შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე გი, რომელმაც საქართველო-აზერბაიჯანის სახლემეთო საზღვართან ქართველი მესაზღვრე მძევლად აიყვანა
შსს-ის ცნობით, მიმდინარე წლის 14 იანვარს, საქართველოს მოქალაქე - გ.ი. იმყოფებოდა სასაზღვრო ზონაში. მან ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით, ქართველი მესაზღვრე აიძულა, გადაადგილებულიყვნენ საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის მიმართულებით. ინციდენტის განმავლობაში გ.ი.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ გაისროლა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების ოპერატიული და ეფექტიანი მუშაობის შედეგად, სიტუაცია დროულად განიმუხტა. ამ დროისთვის ინციდენტი სრულად ამოწურულია.
გამოძიება იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და მძევლად ხელში ჩაგდების მუხლებით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტთან დაკავშირებით ეფექტიანი თანამშრომლობისთვის აზერბაიჯანელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა.