მედიაგარემო

მაჭავარიანი გრიგოლიაზე: რომელ მინისტრებსაც ამით აშანტაჟებდნენ, იქ გააგრძელონ შანტაჟი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია მედიამენეჯერების შეხვედრაზე ნათქვამ ფრაზასთან დაკავშირებით ტყუილია.

ინგა გრიგოლიას თქმით, ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე, რომელიც მან პროტესტის ნიშნად დატოვა, ივანე მაჭავარიანმა წინამორბედების შესახებ თქვა, რომ "ისინი იყვნენ უტრაკოები".​ ამასთან, გრიგოლიამ მიუთითა, რომ მაჭავარიანის წინამორბედი, მათ შორის, აწ უკვე ყოფილი პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძეც იყო. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მაჭავარიანის ეს რეპლიკა მამუკა ბახტაძესაც მიემართება.

მინისტრი ამ ინფორმაციას უარყოფს. მედია მენეჯერებთან საგადასახადო დავალიანების შესახებ გამართული შეხვედრის შემდეგ ივანე მაჭავარიანმა თქვა, რომ ინგა გრიგოლიამ "პირწმინდად მოიტყუა" და მისი ეს განცხადება, "როგორც შინაარსობრივად, ისე ფორმით, იყო ერთმნიშვნელოვანი ტყუილი".

"ჩვენ მედიაში, ალბათ არავის გაკვირვებია, პერიოდულად როცა გაიჟღერებს ტყუილი. ამაზე დიდი ტყუილი და სიბინძურე დიდი ხანია არ მომისმენია. არც მამუკა ბახტაძეზე არ ყოფილა საუბარი და არ ყოფილა მის პერიოდზეც კი საუბარი, რომ რამე მინიშნება ყოფილიყო", - აღნიშნა მან.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე მინისტრის მხრიდან გარკვეული უცენზურო ტერმინის გამოყენების შესახებ შეხვედრის სხვა მონაწილეებმაც ისაუბრეს. "ჟურნალისტიკის რესურსცენტრის" ხელმძღვანელმა, ნათია კუპრაშვილმა ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ კონკრეტული სიტყვის გამოყენებას ერიდება, თუმცა შინაარსი იყო ისეთი, რომ წინა მინისტრებს ამის "თავი არ ჰქონდათ".

ივანე მაჭავარიანმა ინგა გრიგოლიას მისამართით ასევე თქვა:

"იცით რას გეტყვით? რამდენიც უნდათ იტყუონ, რომელ მინისტრებსაც ამით აშანტაჟებდნენ, იქ გააგრძელონ შანტაჟი. გადაიხადონ გადასახადი და იტყუონ რამდენიც უნდა".

მინისტრმა აღნიშნა, რომ მის მიერ ამ ფრაზის გამოყენებას ვერავინ დაადასტურებს. ივანე მაჭავარიანის აზრით, ჟურნალისტს ტყუილი იმაში დასჭირდა, რომ ტვ პირველმა გადასახადები არ გადაიხადოს.

"ამ ტყუილებს, გამორიცხულია, რომ დავყვე. ტყუილი იმაში სჭირდებათ, რომ არ გადაიხადონ. გადაიხადონ გადასახადები და უარესი დამაბრალონ, არ არის პრობლემა", - აღნიშნა მან.

ამასთან, ივანე მაჭავარიანმა განმარტა, რომ შეხვედრაზე საუბრობდა 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის მარტამდე შუალედში რუსთავი 2-ის მიერ დაგროვილ დავალიანებაზე და ამ პერიოდში მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრი არ ყოფილა.

"შეხვედრაზე ვთქვი, რომ ჩემთვის გაურკვეველია, როდესაც დაიწყო რუსთავი 2-მა 2016 წლის შემოდგომაზე, ოქტომბრიდან დაგროვება, 2017 წლის მარტამდე რატომ მიეცა საშუალება. თორემ მარტის მერე, როცა დავალიანება გაგრძელდა, ეს მესმის, რადგან სტრასბურგის მოსამართლემ როცა გადაწყვეტილება გააჩერა, იქ იყო ასეთი მინიშნება, რომ მთავრობას უნდა შეიკავოს თავი ნებისმიერი ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც გამოიწვევდა შეფერხებას. ის, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა 2017 წლის მარტიდან ეს გაითვალისწინეს, მესმის, რამდენად სწორია ან არასწორი, ეს ცალკე საკითხია. 

არ იყო საუბარი არამარტო მამუკა ბახტაძეზე, არ იყო მის პერიოდზეც საუბარი. საუბარი იყო, რომ 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის მარტამდე დავალიანების დაგროვებას მეც ვერ ვხსნი-მეთქი. ეს რატომ დაგროვდა, არ ვიცი. ეს იყო ხათრის გამო, შიშის გამო, კომპლექსის გამო, არ ვიცი მეთქი. თუმცა 2017 წლის მარტიდან კიდე მესმის, რადგან სტრასბურგის გადაწყვეტილების აღქმა შეიძლება ისე მომხდარიყო, რომ: ვაიმე, ახლა რომ რამე გავაკეთოთ, ძაან პოლიტიზირებულია თემა", - თქვა მინისტრმა.

ფინანსთა სამინისტრომ ტელეკომპანია პირველსა და კავკასიას დავალიანების გადახდის დაგვიანების გამო ინკასო დაადო. სწორედ ამის შემდეგ ჩაინიშნა მედია მენეჯერების შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან.

შეხვედრა დღეს, 27 დეკემბერს შედგა და ის ტვ პირველის გენერალურმა დირექტორმა, ინგა გრიგოლიამ პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი თქმით, ვანო მაჭავარიანმა თავის წინამორბედ მინისტრებს "უტრაკოები" უწოდა.

ფინანსთა სამინისტრომ ტელევიზიები, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ დავალიანება, 23 დეკემბერს გააფრთხილა. უწყებამ ტელევიზიებს ერთი დღის ვადას მისცა, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ.

დავალიანებები "იმედს", რუსთავი 2-ს და მაესტროს 2016 წლის შემდეგ, 1 ოქტომბრამდე დაუგროვდათ. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ამ ვალის რესტრუქტურიზაციაზე შემოსავლების სამსახურსა და ტელემაუწყებლებს შორის, მოლაპარაკებები ამ დრომდე გრძელდება. სწორედ დიდი ტელევიზიების დავალიებების გამო, ამ თანხების დაფარვამდე, გადასახადების გადახდაზე უარი თქვეს კავკასიამ და ტვ პირველმა.

კომენტარები