ინდოეთი

ინდოეთში მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილების პროტესტისას ასობით ადამიანი დააკავეს

Getty Images

ინდოეთის პოლიციამ მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე ასობით ადამიანი დააკავა.

აქციებზე აკრძალვა დააწწესეს უტარ პრადეშის და კარნატაკას შტატებში და დედაქალაქ დელის ზოგიერთ ნაწილში. დელიში პროტესტის გავრცელების შესაჩერებლად ინტერნეტ სერვისებზე შეზღუდვები დაწესდა.

აკრძალვის მიუხედავად აქციები გრძელდება. მას სტუდენტები, პოლიციკური პარტიები და სამოქალაქო ჯგუფები შეუერთდნენ.

ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქში აქციებისას გადაკეტეს ქუჩები და დაწვეს მანქანები.

პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და დემონტრანტების ნაწილი დააკავა, მათ შორის 35 სტუდენტი. შეტაკებებისას დაიღუპა 6 ადამიანი. დაშავდა 60-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის სტუდენტები და პოლიციელები. დემონსტრაციების შესაჩერებლად ადგილობრივმა ხელისუფლებამ ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვა სცადა. პოლიციამ სტუდენტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზეც.

ახალი კანონი ინდოეთის მოსაზღვრე მუსლიმური ქვეყნებიდან, ბანგლადეშიდან, პაკისტანიდან და ავღანეთიდან ინდოეთში არალეგალურად ჩასულ არა-მუსლიმ მიგრანტებს მოქალაქეობის მიღების უფლებას აძლევს. მმართველი პარტია ირწმუნება, რომ კანონი ამ ქვეყნებიდან რელიგიური ნიშნით დევნას გამოქცეულ ადამიანებს თავშესაფრის მიღებას გაუმარტივებს.

დემონსტრანტების ნაწილს კანონი მუსლიმების დისკრიმინაციად მიაჩნია და ამბობენ, რომ ის ქვეყნის კონსტიტუციაში გაწერილ სეკულარულ პრინციპებს არღვევს, სასაზღვრო რეგიონებში კი მას მიგრანტთა ნაკადის გაზრდის საშიშროების გამო ეწინააღმდეგებიან.

კანონს დისკრიმინაციული უწოდა გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმაც. მთავრობა რელიგიური ნიშნით მიკერძოებულობის ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მუსლიმები რელიგიურ უმცირესობას არ წარმოადგენენ და ამ კუთხით ინდოეთისაგან დაცვა არ სჭირდებათ.

კომენტარები